ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები მიმდინარეობს

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 62 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკაა მობილიზებული.

როგორც „თაიმერს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, წამლობა თერმული ნისლის გამოყენებით მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში მიმდინარეობს.

მათივე ინფორმაციით, პროცესში სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის წევრებთან ერთად აქტიურად არიან ჩართული გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოსახლეობა, რომელსაც წამლობის დაწყებამდე რეკომენდაციები გააცნეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მხარის გუბერნატორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონში ინტენსიური სამუშაოები წლის ბოლომდე გაგრძელდება.

“სახელმწიფო აგრძელებს მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს. ამასთან, მავნებელთან ბრძოლისას, მაქსიმალური შედეგების მისაღწევად მნიშვნელოვანია კოორდინირებული მიდგომა და მოსახლეობის ჩართულობა”, – განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.

შეწამვლითი სამუშაოები ჩატარდება ასევე ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში.

banner
წინა სტატიაშიმარგველაშვილმა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
შემდეგი სტატია“ყველა ხმა მნიშვნელოვანია” – ევროკომისარ იოჰანეს ჰანი ახალგაზრდებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.