ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახმა მის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახმა მის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. მასში აღნიშნულია, რომ ინფორმაცია ძალადობის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს და ამ ფაქტის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. მათივე თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ბასილაშვილის ყოფილი ცოლი ოჯახისთვის მორალური, ფინანსური და რეპუტაციული ზიანის მიყენებას ცდილობს.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ იმ ბრალდებებს, რომლებიც დღეს ნიკოლოზის და ჩვენი ოჯახის მისამართით გაჟღერდა.

პირველ რიგში, გვინდა, გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადოთ იმ ცრუ ბრალდებების გამო, რაც ნიკოლოზის და ჩვენი ოჯახის მისამართით ისმის. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ინფორმაცია ძალადობის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს და ამ ფაქტის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა როცა, ნელი დოროყაშვილი, ნიკოლოზის ყოფილი მეუღლე ცდილობს ნიკოლოზს და მის ოჯახს მორალური, ფინანსური თუ რეპუტაციული ზიანი მიაყენოს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნელი დოროყაშვილი განქორწინებაში იმყოფებიან. ნელი დოროყაშვილი, განქორწინებაზე უარს აცხადებდა, შესაბამისად განქორწინება სასამართლოს გზით, გარიგების საფუძველზე მოხდა. ნიკოლოზს ყოფილ მეუღლესთან არანაირი კონტაქტი სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ არ ჰქონია გარდა ბავშის მეურვეობისა.

ნელი დოროყაშვილმა, განქორწინების შემდგომ, ასევე უსაფუძვლოდ, ბავშვზე ძალადობის ბრალდებით უჩიოდა ნიკოლოზ ბასილაშვილის დედას. საჩივარი სასამართლომ განიხილა, და ბასილაშვილის დედა გაამართლა.

რაც შეეხება 21 მაისის შემთხვევას, ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის მშობლების საკუთრებაში უნებართვოდ შეიჭრა, სადაც გამიზნულად ცდილობდა კონფლიქტის გამოწვევას. მიუხედავად ამისა, მის მიმართ არანაირი ძალადობის არათუ ფაქტი, მცდელობაც კი არ ყოფილა. საბედნიეროდ, ამის ბევრი მტკიცებულება არსებობს და მას სასამართლო 2020 წლის 16 ივლისს განიხილავს.

სასამართლო პროცესი გრძელდება. გვჯერა, რომ ნიკოლოზი უდანაშაულობას სამართლებრივი გზით ძალიან მალე დაამტკიცებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურამ ნიკოლოს ბასილაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს. სასამართლომ ბასილაშვილს 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. წინასასამართლო სხდომა საქმეზე 16 ივლიის ჩაინიშნა.

banner
წინა სტატიაშიყოფილმა პოლიციელმა მამის საფლავზე თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე
შემდეგი სტატიავწუხვარ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას ჩემი ოჯახის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო