„შე ჩმორო“, „ბუსუსებიანი“ პრეზერვატივი და „იბიარდები“ – ის, რითაც წინა პარლამენტი დაგვამახსოვრდა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 19, 2016 13:45

„შე ჩმორო“, „ბუსუსებიანი“ პრეზერვატივი და „იბიარდები“ – ის, რითაც წინა პარლამენტი დაგვამახსოვრდა

15151238_1259150410775124_1916290400_nროგორ გადაარჩინა მე-8 მოწვევის პარლამენტმა ქვეყანა გარყვნას

 

 

როგორი იქნება საქართველოს ახალი საკანონმდებლო ორგანო, სადაც 27 „ნაციონალსა“ და 6 „პატრიოტს“ ოთხი წელი მოღვაწეობა ასზე მეტ „მეოცნებესთან“ ერთად მოუწევს? – ამაზე ობიექტურად ლაპარაკი ჯერ ნაადრევია, რადგან ირაკლი კობახიძის თავმჯდომარეობით, საკანონმდებლო ორგანომ მუშაობა სულ ერთი დღის წინ დაიწყო, თუმცა მე-9 მოწვევის პარლამენტს თავისი კოლორიტები უკვე ჰყავს. ამ მხრივ იგივე სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობის „ოცნების“ დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი – კომენტარს, რომელიც მან მე-9 მოწვევის პარლამენტის მუშაობის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ტელემედიას მისცა, „ფეისბუქის“ მომხმარებლები ინტენსტიურად აზიარებენ, თუმცა 150 დეპუტატიდან, ალბათ, კიდევ ბევრი გახდება კოლორიტი. მანამდე კი, „თაიმერი“ შეეცდება, ის მნიშვნელოვანი ამბები გაგახსენოთ, რომლითაც წინა მოწვევის პარლამენტმა საქართველოს მოსახლეობას თავი დაამახსოვრა.

 

აწ უკვე ყოფილ დეპუტატებს თავი იმით მოაქვთ, რომ მე-8 მოწვევის პარლამენტმა 1500-ზე მეტი კანონი მიიღო. მათივე თქმით, ეს კანონები მოსახლეობის კეთილდღეობას ემსახურება. უფრო მეტიც, ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში, კერძოდ, გადაცემა „პრიორიტეტებში“ ექსდეპუტატმა ნანა ყეინიშილმა თავმომწონედ განაცხადა, რომ კანონი ყველა ადამიანმა თვითონ უნდა „მოირგოს“, თუმცა ქალბატონ ნანას არ განუმარტავს, თუ რას ნიშნავს „კანონის მორგება“.

 

სხვათა შორის, ქალბატონი ნანა ბოლო წუთამდე, ანუ ვიდრე საარჩევნო კამპანია კულმინაციას მიაღწევდა, „ოცნების“ უმრავლესობის წევრი იყო. მერე კი, ერთი უცებ, ეს უმრავლესობა იმ მოტივით დატოვა, რომ აქაოდა, „ოცნება“ პორტირებული „ნაციონალებით“ გაივსოო. ზოგადად, პორტირება მე-8 მოწვევის პარლამენტის „აქილევსის ქუსლი“ იყო და საინტერესოა, ქალბატონი ყეინიშვილი მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ, ესე იგი, მაშინ მიხვდა, რომ „ოცნება“ „ნაცებით“ იყო სავსე, როცა მისი დეპუტატობა, უტრირებულად რომ ვთქვათ, საათებსღა ითვლიდა?

 

მარტო ნანა ყეინიშვილი რომ ყოფილიყო წინა პარლამენტის მთავარი პრობლემა, ამას კაცი კიდევ აიტანდა, მაგრამ 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან 2016 წლის 8 ოქტომბრამდე იმდენი რამ ვნახეთ და მოვისმინეთ, რომ კარგი მწერალი ამ ყველაფერზე ბეტსელერს დაწერდა, კარგი რეჟისორი კი ფილმს გადაიღებდა.

 

ერთი სიტყვით, მე-8 მოწვევის პარლამენტში ჩხუბიც იყო, ცემტა-ტყეპაც, „იბიარდებიც“, გინებაც და დეპუტატები ერთმანეთს ასეც მიმართავდნენ – „შე ჩმორო“, თუმცა ეს ყველაფერი მერე იყო, სულ თავიდან კი, ანუ როგორც კი „ოცნებამ“, როგორც „ოცნებელები“ ამბობენ, მიშა დაამარცხა და საპარლამენტო უმრავლესობა ხელში ჩაიგდო, სრულიად ერის ყურადღება იმ კანონპროექტისკენ მიაპყრო, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში ე.წ. ბუსუსებიანი პრეზერვატივი უნდა აკრძალულიყო. ამ კანონპროექტის ერთ-ერთ ლობისტი კობა დავითაშვილი იყო, რომელიც „ბუსუსებიანის“ აკრძალვას იმ მოტივით ითხოვდა, რომ ეს „დამცავი საშუალება“ ერს, უფრო კონკრეტულად, ახალგაზრდობას, თურმე, რყვნიდა.

 

„ბუსუსებიანის“ ერთგვარ გაგრძელებად შეიძლება, ჩაითვალოს ანტიდისკრიმინაციული კანონი, ანუ იმის თქმა გვინდა, რომ მას შემდეგ, რაც მე-8 მოწვევის პარლამენტმა პრეზერვატივებით ერის გარყვნის თემაზე ვერდიქტი გამოიტანა, ხელი ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის განხილვას მიჰყო, თუმცა ეს განხილვა კი არა, პრინციპში, ჩვეულებრივი „მესამე მსოფლიო ომი“ გახლდათ – „ოცნების“ წევრთა ნაწილი, განსაკუთრებით ე.წ. ქანათარია-ჯაჭვლიანის ფრთა ხმალამოღებული იბრძოდა, რომ ამ კანონპროექტს კანონის სახე არ მიეღო, თან იქვე „ასაბუთებდა“, როგორც კი ანტიდისკრიმინაციული კანონი ამოქმედდება, ქვეყანას ერთნაირსქესიანთა ქორწილები წალეკავსო, მაგრამ ქანთარია-ჯაჭვლიანის შიშები არ გამართლდა – ანტიდისკრიმინაციული კანონი მერვე მოწვევის პარლამენტმა კი მიიღო, მაგრამ ჰოი, საოცრებავ: ქართველობა არავის არავისთის წაურთმევია!

 

სხვათა შორის, მოგვიანებით, ზოგიერთმა მაშინდელმა დეპუტატმა ინანა, რომ ამ კანონს მხარი დაუჭირა და ზოგმა, როგორც ამბობენ, თავისი ხმის უკან წაღების სურვილიც გამოთქვა, მაგრამ ვინაიდან პარლამენტის რეგლამეტი ასეთ პროცედურას, ანუ მიცემული ხმის უკან გამოთხოვას არ ითვალსიწინებს, ამ ზოგი დეპუტატის სურვილი სურვილად დარჩა.

 

ხუმრობა იქით იყოს და, რითიც მე-8 მოწვევის პარლამენტი საქართველოს ისტორიაში შევა, ალბათ, ისაა, რომ პრეზიდენტის მიმართ აბსოლუტურ უპატივცემულობას იჩენდა. ყოველ შემთხვევაში, „ოცნების“ დეპუტაციას სურვილი და მცდელობაც ჰქონდა, რომ პრეზიდენტი, როგორც ინსტიტუცია, დაეკნინებინა. თავიდან, ანუ 2013 წლის ოქტომბრამდე, ამას იმით ამართლებდა, რომ ქვეყნის მთავარსარდალი ოპოზიციონერი მიხეილ სააკშვილი იყო, მაგრამ ამ მხრივ სიტუაცია არც მას შემდეგ გამოსწორდა, რაც სააკაშვილი პრეზიდენტის პოსტზე გიორგი მარგველაშვილმა შეცვალა.

 

მოგეხსენებათ, მარგველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდტად ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დასახელდა და მოსახლეობამაც მხარი ზუსტად ამიტომ დაუჭირა, მაგრამ მარგველაშვილი ის არ აღმოჩნდა, ვინც ივანიშვილის ეგონა, ანუ კულუარებში გავრცელებული ხმების თანახმად, ივანიშვილს იმედი ჰქონდა, რომ „მარგველა“ მისი „ყურმოჭრილი მონა“ იქნებოდა და ყველაფერს, რასაც მილიარდერი უბრძანებდა, უსიტყვოდ შეასრულებდა, მაგრამ როგორც კი პრეზიდენტი გახდა, მარგველაშვილმა, კახელების თქმისა არ იყოს, ფხა გამოიჩინა და წინააღმდეგობას ართუ „ოცნებას“, არამედ, ივანშვილის „ხუშტურებსაც“ უწევდა. ამის გამო მილიარდერის რისხვა არაერთხელ დაატყდა და „ოცნების“ დეპუტაციაც, „მამა-მარჩენლის“ გული რომ მოეგო, პრეზიდენტს, რომელიც ვინმეს მოსწონს თუ არა, საგარეო ასპარეზზე ქვეყნის სახეა, სულ ქოქოლას აყრიდა.

 

პრეზიდენტ მარგველაშვილის მიმართ ლოიალურად განწყობილი არც მე-9 მოწვევის პარლამენტი რომ იქნება, ამის კონტურები უკვე გამოჩნდა – პირველსავე დღეს, მარგველაშვილის მისამართით ცინიკური განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა და მთავარსარდალი სკოლის დირექტორს შეადარა. ახლა, ზურაბიშვილმა შეიძლება, თქვას, „ოცნებასთან“ რა შუაში ვარ, მე პარლამენტში ისე შევედი, როგორც მთაწმინდის დამოუკიდებელი მაჟორიტარიო, მაგრამ ამ ქვეყანაში ისეც არ ბნელა, რომ ვერ ვხვდებოდეთ, ვინ რა თამაშს თამაშობს – კი ბატონო, ზურაბიშვილი, რომელმაც ქართულ პოლიტიკაში ფეხი მიხეილ სააკაშვილის ხელშეწყობით მოიკიდა (ალბათ, გახსოვთ, „ვარდების რევოლუციის“ დროს, ის საქართველოში საფრანგეთის ელჩი იყო, მაგრამ მიშას ინიციატივით, საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და ქვეყნის საგარეო უწყებას ჩაუდგა სათავეში, რაც პრინციპში, უპრეცეენტო ფაქტი გახლდათ, რადგან მანამდე დიპლომატიის ისტორიას არ ახსოვს შემთხვევა, როცა ერთი ქვეყნის ელჩი მერე ქვეყნის საგარეო მინისტრი გამხდარიყოს). მოგვიანებით, ზურაბიშვილი მიშას გაემიჯნა და ქუჩაში გავიდა. სწორედ მაშინ თქვა თავისი ისტორიული ფრაზა ქაჯებთან დაკავშირებით. იმ დღიდან მოყოლებული, ქალბატონი სალომე „ნაციონალებს“ ებრძოდა, პარტიაც დააფუძნა. 2012 წლის არჩევნების შემდეგ, სამუშაოდ გაერო-ში წავიდა (ამ საერთაშორისო ორგანიზაციაში ადრეც მუშაობდა). ამ ზაფხულს კი საქართველოში დაბრუნდა და განაცხადა, რომ არჩევნებში აპირებდა მონაწილეობის მიღებას.

 

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, „ოცნებამ“ მთაწმინდაზე მაჟორიტარობის კანიდატი არ დაასახელა. ზურაბიშვილის მთავარო კონკურენტი „ნაციონალების“ წარმომადგენელი ნიკა რურუა იყო, რომელიც მთელი საარჩევნო კამპანიის მანძილზე მიანიშნებდა, რომ ზურაბიშვილის სასარგებლოდ სახელისუფლებო რესურსი იხარჯებოდა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შეიძლება, ითქვას, რომ ქალბატონი სალომე ფარული „ოცნებელია“.

 

ხელისუფლებაში პირველი ვადით მოსვალმდე „ოცნების“ უმთავრესი დაპირება სამართლიანობის აღდგენა იყო. კი ბატონო, მე-8 მოწვევის პარლამენტმა ამნისტია მიიღო და ბევრს პოლიტპატიმრის სტატუსიც მიანიჭა, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ სამართლიანობა ნაწილობრივ მაინც აღდგა. როცა ამ თემაზე ლაპარაკობენ, ექსპერტებს ერთ-ერთ მაგალითად სისხლის სამართლის კოდექსი მოაქვთ, რომლის მიხედვითაც, შესაბამის უწყებებს გამოძიების უსასრულოდ გაწელვის უფლება აქვთ.

 

„ამ თარგზე კანონი მიშამ მოჭრა, მაგრამ „ოცნებას“ სამართლიანობის აღდგენა რეალურად რომ სდომებოდა, ოთხი წლის მანძილზე კანონში ცვლილებას აუცილებლად შეიტანდა,“ – აღნიშნა „თაიმერთან“ საუბრის დროს ერთ-ერთმა ბიზნესმენმა, რომელიც თავს „ნაციონალებისგან“ დაზარალებულად მიიჩნევს და უკანონოდ წართმეული ქონების დაბრუნებას კი არა, ამ საქმეზე გამოძიების დასრულებას 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ ითხოვს, მაგრამ აქვე, აღნიშნავს, რომ არაერთი განცხადების და საჩივრის მიუხედავად, სამართალდამცავები მისი საქმით არ ინტერესდებიან და ეუბნებიან, რომ ყველაფერს დრო სჭირდება.

 

„ოცნებას“ დრო, როგორც იტყვიან, თავზე საყრელად აქვს – წინ ოთხი წელია, თან ისეთ ოთხი წელი, რომ თუ რამის გაკეთება უნდა, ხელს ვერავინ შეუშლის – საკონსტიტუციო უმრვალესობა იმის გარანტის იძლევა, რომ კანონებში არსებული ხარვეზები გამოასწოროს. ასე რომ, დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მმართველი გუნდი ისევ გადაბრალების პოლიტიკას აირჩევს თუ საქმეს რეალურად გააკეთებს, ამას მოგვიანებით ვნახავთ.

 

ბერდია კალანდია

 

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 19, 2016 13:45

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,030
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics