ჩხვირკიას და ღოღობერიძის ადვოკატები დღეს ბათუმის სააპელაციო სასამართლოს მიმართავენ

ბათუმის მოვლენების ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძის ადვოკატები დღეს ბათუმის სააპელაციო სასამართლოს მიმართავენ და მათი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას გაასაჩივრებენ. მათი თქმით მოსამართლის გადაწყვეტილების არგუმენტი, რომ დაკავებულებმა შესაძლოა მოწმეებზე ზეწოლა განახორციელონ აბსურდულია.
„ეს გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი. არცერთი რეალური საფუძველი იმისა, რომ აღმკვეთ ღონისძიებად შეფარდებოდა პატიმრობა ირაკლი ჩხვირკიას უბრალოდ არ არსებობს ამ საქმეში. ირაკლი ჩხვირკიას ორგანიზატორობა არაფრით არ არის დამტკიცებული.“-აცხადებს ადვოკატი გოგა ონიანი.

მერაბ ღოღობერიძის მტკიცებით კი, კონკრეტული პირების დასახელების სანაცვლოდ პროკურატურამ მას საპროცესო გარიგება შესთავაზა. სახალხო დამცველის აპარატმა ღოღობერიძის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შესწავლა უკვე დაიწყო.

„სასამართლომ გვერდი აუარა საპროცესო ნორმის იმპერატიულ მოთხოვნას და იმ ცალსახად არსებულ გარემოებებს, რაც სახეზე იყო და რაც არავითარ შემთხვევაში არ ითვალისწინებდა აღკვეთის ასეთი მკაცრი ღონისძიების შეფარდებას.“-განაცხადა მერაბ ღოღობერიძის ადვოკატმა პაატა შავაძემ.

banner
წინა სტატიაში“ევროპული საქართველო” პრემიერ კვირიკაშვილისაგან განმარტებას მოითხოვს
შემდეგი სტატია„ყაზტრანსგაზთან“ დაკავშირებით თუ მოლაპარაკებები არ შედგება, არბიტრაჟისთვისაც მზად ვართ