პარტია „საქართველოსთვის“ (გახარიას გუნდი) წევრის, ვიკა ფილფანის განცხადებით, პარლამენტში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება მმართველი გუნდის მიერ წინასწარ იყო დაგეგმილი და დაორგანიზებული. „ტვ პირველის“ ეთერში ფილფანმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ წევრები თავდასხმის შესახებ საერთო საკომუნიკაციო ქსელში წინასწარ შეთანხმდნენ.
მისი თქმით, ჩხუბში ჩაერთნენ ის დეპუტატებიც, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში პასიურობით გამოირჩევიან.
„ეს იყო წინასწარ დაგეგმილი. ირაკლი ხელაძემ, რომელიც მდუმარე დეპუტატია, გიგა ფარულავას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც თავს დაესხნენ. ამისთვის თავიდანვე ყველა მომზადებული იყო, მათ შორის არჩილ გორდულაძე, ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი. გორდულაძე ფეხებით შეხტა სკამზე, რომელზეც რამდენიმე წუთის წინ პატრიარქი იჯდა და თავს დაესხა ადამიანს. მსგავსი მასშტაბის ჩხუბი პარლამენტში მართლა არ გვინახავს“, — განაცხადა ფილფანმა.
შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენისას მოხდა. უმრავლესობის დეპუტატები გახარიას პარტიის ორ წევრს — გიგა ფარულავასა და გიორგი შარაშიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მედიის კადრებში თავდამსხმელებს შორის არჩილ გორდულაძე, ლაშა ტალახაძე, ლევან მაჭავარიანი, ირაკლი კირცხალია და ირაკლი ხელაძე ფიქსირდებიან.















