ნიუ-იორკში, ბრუკლინის ფედერალურმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქე მიხეილ ჩხიკვიშვილს, რომელიც კრიმინალურ წრეებში „მეთაურ ყასაბის“ მეტსახელითაა ცნობილი, 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, იგი საერთაშორისო ექსტრემისტულ დაჯგუფებას მეთაურობდა.
ბრალდების თანახმად, ჩხიკვიშვილი აღმოსავლეთ ევროპაში მოქმედი, „თეთრი რასის უპირატესობის“ მომხრე სასტიკი დაჯგუფების — „მანიაკური მკვლელობის კულტის“ ლიდერი იყო.
გარდა ამისა, ბრალდებული გამუდმებით მოუწოდებდა და გეგმავდა უდანაშაულო მოქალაქეების მკვლელობებს რასობრივ ნიადაგზე.
„დღევანდელმა გადაწყვეტილებამ ურჩხული მოაშორა ჩვენს ქუჩებს“, — განაცხადა აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილემ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ აიზენბერგმა.
შეგახსენებთ, რომ „მეთაური ყასაბი“ 2024 წლის ივლისში, მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში დააკავეს, რის შემდეგაც მისი აშშ-ში ექსტრადიცია განხორციელდა.















