ჩხარტიშვილი – არასოდეს ყოფილა ეჭვქვეშ მტრით გარშემორტყმული ქართველების სტუმართმოყვარეობა

თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატმა, გივი ჩხარტიშვილმა საქართველოში შემოსული რუსი ტურისტების მიმართ სტუმარ-მასპინძლობის მოწოდება ვაჟა-ფშაველას სტუმარ-მასპინძლით ახსნა.

მისი თქმით, რუსეთი ოკუპანტია და რუსეთს ქართველების სისხლი მართებს, მაგრამ ამის გამო ქართული სტუმართმოყვარეობა ეჭვქვეშ არასდროს დამდგარა.

“ნაცმოძრაობა და მისი ტელვიზიები დროს არ კარგავენ შექმნან ფეიკ ამბები პროვოკაციებისთვის. ახლა საკრებულოს სხდომაზე ჩემი განცხადება ამოუღიათ მიზანში. ცდილობენ, სხვა შინაარსი შესძინონ – მტერთან თავმდაბლობისკენ მოგვიწოდებსო.

არა და არა ბატონებო

რუსეთი ოკუპანტია

დიახ, რუსეთი კლავს

და სწორედ თავისუფლებისთვის საუკუნეების განმავლობაში მებრძოლი ჩვენი ხალხის სიბრძნეა ისიც, რაც ვაჟამ ერთ ფრაზაში ჩაატია – დღეს, სტუმარია ეგ ჩემი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა.

მართებს რუსეთს ჩემი სისხლი!

დიახ, რუს აგრესორებთან ბრძოლას, საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა ბიძაჩემი, დედაჩემის ძმა, რომლის საფლავიც დღემდე არ გვაქვს.

თითოეული გმირის სისხლი მართებს, ვინც თავისუფლებისთვის იბრძოდა!.

ჩვილების, ბავშვების, ქალების, მოხუცების სიცოცხლე მართებს, ვინც 1991 წლიდან რუსულ ჭურვებს, ნაღმებს, ტყვიებს შეეწირა.

მაგრამ, არასოდეს დამდგარა ეჭვქვეშ ის, რაც ვთქვი – საუკუნეთა განმავლობაში მრავალი მტრით გარშემორტყმული საქართველოს და ქართველი ერის სტუმართმოყვარეობა! მიუხედავად იმისა, რა ეროვნების იყო სტუმარი.

სწორედ ეს ვთქვი

რადგან ვერ დავემსგავსებით იმ ქვეყანას, იმ ერს, რომელმაც 2006 წელს მის მიწაზე სტუმარი ქართველები სატვირთო თვითმფრინავებით გამოაძევა. ეს დევნა ბევრს დაუჯდა სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად.

თუ ჩვენ ასე მოვიქცევით, ოკუპანტის მიზანიც მიღწეულია – დაგვიმგვანოს.

და რადგან ქართველობა და ღირსება გაცილებით მეტია მხოლოდ ერთს ვიტყვი,

ვწუხვარ ჩემი ოპონენტების გამო, რომლებიც ასე, მცირე-მცირე პროვოკაციებით და ტყუილებით ცდილობენ დიდი ზვავის აგორებას. და ისე დააბრმავა პოლიტკურმა სიბრაზემ და უმწეობამ, მიდიან ყველაფერზე, თუნდაც ამ ზვავმა მთელი ქვეყანა დაიტანოს”.- წერს FACEBOOK-ზე ჩხარტიშვილი.

საკრებულოს დეპუტატმა გივი ჩხარტიშვილმა საქართველოში შემოსულ რუს ტურისტებზე საუბრისას მოქალაქეებს სიმშვიდისკენ და თავმდაბლობის გამოჩენისკენ მოუწოდა. ჩხარტიშვილმა საკრებულოს სხდომაზე მოძრაობა სირცხვილია და ნაციონალური მოძრაობა ამ საკითხზე “პროვოკაციულ პერფორმანსებში” დაადანაშაულა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ჩინეთის ელჩი – მსოფლიოში მხოლოდ ერთი ჩინეთი არსებობს და ტაივანი მისი ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია
შემდეგი სტატიაეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა