ჩხაიძე – სამწუხაროდ, მოსახლეობის 80%-ის აცრა წლის ბოლომდე სრული ფანტასტიკაა

„იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს” სამედიცინო დირექტორის, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განცხადებით, 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის დაშვებასთან დაკავშირებით იმუნიზაციის საბჭო, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში შეიკრიბება და აღნიშნულ თემაზე იმსჯელებს.

„გადაწყვეტილება შეიძლება იყოს 2 ტიპის – ერთი, რომ დავუშვათ 12-დან 15 წლამდე ასაკში ვაქცინაცია კონკრეტული ჯგუფებისთვის, ე.წ. რისკ ჯგუფებისთვის, ან დავუშვათ ამ ასაკში უნივერსალური ვაქცინაცია ჯანმრთელობის სტატუსის გათვალისწინების გარეშე. შესაბამისად, იმედი მაქვს, კვირის ბოლოს საქართველოს ეს გადაწყვეტილება ექნება“,-განაცხადა ჩხაიძემ.

ამასთან, ივანე ჩხაიძემ განმარტა, რომ აუცილებელია ვაქცინაციის პროცესის გააქტიურება იმისთვის, რომ ქვეყანაში ადამიანთა ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევები არ გაიზარდოს.

„ჩვენი ქვეყნისთვის 1500-2000 ინფიცირებული მაღალი ნიშნულია, 20-დან 30-მდე გარდაცვლილიც მაღალი ნიშნულია. თუ ჩვენ ვახერხებთ მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას, ვახერხებთ ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვის შემცირებასაც. თუ ამ მიზანს ვერ მივაღწიეთ, მაშინ უნდა შევეგუოთ იმას, რომ საქართველოში კიდევ დიდხანს იქნება ჰოსპიტალიზაციის დიდი პროცენტი, გარდაცვალების შემთხვევებიც, რაც მართლაც ძალიან მძიმე დასკვნაა“,- განაცხადა ჩხაიძემ.

მისიგანმარტებით, ეპიდვითარების გასაუმჯობესებლად ერთადერთი გამოსავალი მოსახლეობის ვაქცინაცია და რეგულაციების შესრულებაა.

„მარტივი არჩევანი გვაქვს -ან ვიკეთებთ ვაქცინას და გადავრჩებით, ან არ ვიკეთებთ ვაქცინას და მაშინ უნდა შევეგუოთ, რომ ეს ციფრები კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მძიმე ტვირთი“,-განაცხადა ჩხაიძემ.

მისი ვარაუდით, სავარაუდოდ, წლისბოლომდე მოსახლეობის უმრავლესობის ვაქცინაციის გეგმა ვერ განხორციელდება.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ეროვნული გეგმის მიზანზე, მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაცია არის ის გეგმა, რომელიც ვირუსის ჩინური ვარიანტის საწინააღმდეგოდ შეიქმნა. თუმცა, ეს 60%-იანი ზღვარი მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის მინიმალური იყო. ვირუსი შეცვალა კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტმა. იქ, სადაც „დელტა“ ვარიანტი არის, მათთვის 60%-იანი ზღვარი საკმარისი არ არის „დელტასთან“ დაკავშირებული უფრო მეტი გავრცელების, მეტი აგრესიულობის გამო. მინიმალური ზღვარი, რომელსაც დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია განიხილავს იმისთვის, რომ ქვეყანამ პანდემია დაასრულოს, ეს არის სწორედ 80%. პანდემიის კონტროლი ნიშნავს, რომ 60%-იანი ვაქცინაციის მოცვის პირობებში ვირუსის გავრცელება, ინფიცირების მაჩვენებელი, ლეტალობის მაჩვენებელი მინიმალურია. 80%-ის შემთხვევაში, პანდემია აღარ არის ქვეყანაში, როგორც პრობლემა. სამედიცინო, სოციალური და სხვა თვალსაზრისით. ამიტომ, პირველი ზღურბლი გვაქვს გადასალახავი. პირველიც ვერ გადავლახეთ, აქ 80%-ზე საუბარი არ არის. ეს ძალიან სერიოზული მიზანია. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ 80%-იანი მოცვა წლის ბოლომდე სრული ფანტასტიკაა. 60%-ის იმედი გვქონდა. ამიტომ, ჩვენ კონტროლზე ვსაუბრობთ“, – განაცხადა ჩხაიძემ.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – სააკაშვილის დაკავებას ვინც ხელს შეუშლის, ისიც ციხეში შევა
შემდეგი სტატიაკონკურსში – „შემოქმედებითი თბილისი“ განაცხადების მიღება გრძელდება