ჩიქოვანი სწავლების გადადებაზე: გაურკვეველი გადაწყვეტილებაა

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ამბობს, რომ აშშ-ის მიერ სამხედრო წვრთნის “ღირსეული პარტნიორის” გადადება გაურკვეველია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.

“ჩვენთვის გაურკვეველია გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება “ღირსეული პარტნიორის” გაურკვეველი ვადით გადადებას. მეორეს მხრივ, ჩვენ გვაქვს სხვადასხვა თანამშრომლობის ფორმატი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის, სადაც ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ, ვთანამშრომლობთ და ეს თანამშრომლობა გრძელდება. საერთაშორისო სწავლებები, რომლებში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის ქვედანაყოფები, არის სასარგებლო ღონისძიება როგორც ქართული თავდაცვის ძალებისთვის, ასევე ამერიკის შეიარაღებული ძალებისთვის, ასევე ყველა იმ სახელმწიფოს წარმომადგენლისთვის, რომელიც წვრთნებში მონაწილეობს. აქედან გამომდინარე ჩვენ ვაგრძელებთ და ვემზადებით წვრთნებისთვის, რომლებიც დაგეგმილი გვაქვს 2024 წელს”, – თქვა ჩიქოვანმა.

კითხვას, რა უნდა გაკეთდეს ვითარების გამოსასწორებლად, მინისტრმა კონკრეტული პასუხი არ გასცა და ზემოთ მოყვანილი განცხადება გაიმეორა.

აშშ-მა სამხედრო წვრთნების “ღირსეულის პარტნიორის” გადადება გაურკვეველი ვადით გადაწყვიტა. სწავლება საქართველოში 2024 წლის 25 ივლისი-6 აგვისტოს პერიოდში უნდა ჩატარებულიყო.

თავდაცვის დეპარტამენტის თანახმად, 30 მაისს აშშ-ის მთავრობამ საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის სრული გადახედვა წამოიწყო. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, “ღირსეული პარტნიორის” გადადების გადაწყვეტილება განპირობებულია შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ საქართველოს მთავრობის მიერ გაჟღერებული ცრუ ბრალდებებით, რომლის მიხედვითაც ზეწოლას ვახდენდით საქართველოზე, გაეხსნა მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაზე ზეწოლის შესამსუბუქებლად, და რომ მონაწილეობას ვიღებდით, მმართველი პარტიის წინააღმდეგ, გადატრიალების ორ მცდელობაში.

banner
წინა სტატიაშისაარჩევნო ადმინისტრაციამ დღეიდან საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება დაიწყო
შემდეგი სტატიადეკანოზი ილია ჭიღლაძე: რა ჰქნას კაცო თუ საქართველო პატარათი უყვარს, რუსეთი კი დიიიიდად?!