ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ანაკლიის პორტის ჩინური კომპანიისთვის ჩაბარების გამო “ქართულ ოცნებას” აფრთხილებს – საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი გამოცემა “აქცენტთან” ღიად აცხადებს, რომ ივანიშვილის გუნდის მიერ შერჩეული კომპანია შტატებმა 2021 წელს დაასანქცირა.
“ჩინური კომპანია სამხედრო და სადაზვერვო-კვლევით საქმიანობაში, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის წარმოების განვითარებაშია მხილებული” – ამბობს სახ.დეპის პრესსპიკერი და “China Communications Construction Group”-ს კომპეტენციის არ ქონაში ადანაშაულებს.
საერთაშორისო მედიასთან ინტერვიუში სახ.დეპის პრესსპიკერი დასძენს, რომ CCCG თაღლითურ და კორუფციულ საქმიანობაში არაერთხელ გახვეულა.
ძალზე მნიშვნელოვანია, თუ როგორ შენდება ინფრასტრუქტურა და ვინ აშენებს მას. საქართველოს გლობალურ ბაზრებთან დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ქვეყნის დამოუკიდებლობის გაძლიერება კარგია, მაგრამ ამ კომპანიას არც ერთის გამოცდილება აქვს, არც მეორესი.
მისი ერთ-ერთი წინა პროექტი, ანაკლიის მსგავსად, დაიწყო საჯარო-კერძო პარტნიორობით, მაგრამ შედეგად ჩინეთმა მიიღო 99-წლიანი იჯარა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, შემდგომში კი ჩინური “კვლევითი ხომალდების” ვიზიტები, რამაც მთელი რეგიონის მხრიდან კრიტიკა გამოიწვია. შრი-ლანკაში, ჰამბანტოტაში მდებარე ეს პორტი ამჟამად სამარცხვინოა ჩინეთისა და მასპინძელი შლი-ლანკის სარგებლის უთანასწორობის თვალსაზრისით.
გარდა ამისა, ხსენებულ კომპანიას აქვს თაღლითობასა და კორუფციაში მონაწილეობის ისტორიაც. კერძოდ, 2009 წელს მსოფლიო ბანკმა CCCG–ის დაფინანსებით გზებისა და ხიდების მშენებლობის პროექტები თაღლითობის გამოვლენის გამო დაბლოკა.
ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს შემთხვევაში სატენდერო პროცესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდა, პროექტი სარგებელს მოუტანს ყველა ქართველს და ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემით განხორციელდება. შეერთებული შტატები მზად არის, იმუშავოს საქართველოს მთავრობასთან იმის უზრუნვესაყოფად, რომ ინფრასტრუქტურის განვითარებამ ქვეყნის მოსახლეობას სიკეთე მოუტანოს, თავიდან იქნას აცილებული არამდგრადი ვალი, დაცული იყოს მუშახელის უფლებები, ისევე, როგორც გარემოზე ზემოქმედების სტანდარტები, ამასთანავე, საფრთხე არ დაემუქროს საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს, ან ქვეყნის ევროატლანტიკური პარტნიორების უსაფრთხოებას”, – განუცხადა “აქცენტს” აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა.