ჩინეთს შეუძლია დაასრულოს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ერთი სატელეფონო ზარით, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე სტუბმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი ახლა ძალიან არის დამოკიდებული ჩინეთზე.
„პრეზიდენტ სი ძინპინის ერთი სატელეფონო ზარი მოაგვარებს ამ კრიზისს (უკრაინის ომს). მათ სხვა არჩევანი არ ექნებოდათ. დროა დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები“, – აღნიშნა სტუბმა.
ფინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩინეთს სარგებელს მოუტანს პუტინის აგრესიული ომის დასრულება უკრაინაში.
„ჩინეთმა უნდა დაიცვას საერთაშორისო წესები, რომლებიც დაკავშირებულია ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან. ეს იქნება სწორი და ამავდროულად, ჩინეთი ლიდერობის დემონსტრირებას მოახდენს. ახლა ცეცხლის შეწყვეტის დაჟინებული მოთხოვნის დრო არ არის, ჩვენ გვჭირდება რეალური სამშვიდობო მოლაპარაკებები. ერთადერთი, რაც რუსეთს ესმის, არის ძალა. ამიტომ, რაც უფრო მეტად შევძლებთ უკრაინის დახმარებას, მით უფრო მალე დავასრულებთ ომს“, – დასძინა მან.
სტუბმა, ასევე, მოუწოდა ევროპას გაზარდოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, ასევე, გააძლიეროს საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობები რუსეთის ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ.
მისი თქმით, უკრაინას სჭირდება როგორც მატერიალური, ასევე, პოლიტიკური დახმარება, კერძოდ, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების კურსის გაძლიერება.