ჩინეთის ტიბეტის ავტონომიურ რეგიონში მომხდარ 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას, ბოლო მონაცემებით, 16 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა. ინფორმაციას CNN ჩინურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ნაგჩუდან აღმოსავლეთ-ჩრდილო-აღმოსავლეთით, 183 კილომეტრში მდებარეობდა.
ჩინეთის საინფორმაციო სააგენტო Xinhua-ს ცნობით, სტიქიის შედეგად სულ მცირე 339 სახლი დაინგრა. ამ დროისთვის ზარალის მასშტაბები დგინდება. ეპიცენტრის მიმართულებით სამაშველო ჯგუფები გაგზავნეს.
ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიის, CCTV-ის ინფორმაციით, დაზარალებულ რაიონებში სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერდა. ქვეყნის სეისმოლოგიურმა ადმინისტრაციამ კი საგანგებო მდგომარეობის მეორე დონე გამოაცხადა.
ეპიცენტრთან ახლოს მდებარე სოფლებში მაშველებმა სულ მცირე ორი დაშავებული აღმოაჩინეს. მიწისძვრამ საცხოვრებელი სახლებიც დააზიანა — შენობების კედლებზე ბზარები გაჩნდა.
ჩინეთის სეისმური ქსელების ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრიდან 5 კილომეტრის რადიუსში ტერიტორიის საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 4 800 მეტრს აღემატება, რაც სამაშველო სამუშაოებს დამატებით სირთულეებს უქმნის.
CNN-ის ცნობით, ჩინეთი ძლიერი მიწისძვრების საფრთხის წინაშე არაერთხელ აღმოჩენილა. განსაკუთრებით მაღალი სეისმური აქტივობით ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი გამოირჩევა, სადაც ინდური და ევრაზიული ტექტონიკური ფილები ერთმანეთს ეჯახება.

















