6.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 12, 2026
banner

ჩინეთის მოქალაქეს, რომელმაც ფინანსური პირამიდით 56 ადამიანის ფული მიითვისა, ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს

ჩინეთის მოქალაქეს, რომელმაც ფინანსური პირამიდით 56 ადამიანის ფული მიითვისა, ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს
საქართველოს პროკურატურის განცხადებით, “საინვესტიციო თაღლითობაზე დაფუძნებული დანაშაული” გამოავლინეს და თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყეს.

უწყების ცნობით, ჩინეთის მოქალაქეს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა. პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

“2023 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქემ, პლატფორმა mindraygel1.com-ის გამოყენებით, საქართველოში აამოქმედა დანაშაულებრივი სქემა და პოტენციურ კლიენტებს მოგების სწრაფად მიღებას სამედიცინო პრეპარატების და ტექნიკის ვირტუალურად შეძენაში თანხის დაბანდების გზით სთავაზობდა.

რეალურად საინვესტიციო პროექტი წარმოადგენდა ფინანსურ პირამიდას, რომლის მიზანს დიდი რაოდენობით მომხმარებლის მოზიდვა და მათი მხრიდან თანხების თითქოსდა ინვესტირება წარმოადგენდა.

დანაშაულებრივი საქმიანობის ფარგლებში, ბრალდებული მოტყუებით დაეუფლა საქართველოს 56 მოქალაქის კუთვნილ 394 853 ლარს, რის შემდგომაც უკანონოდ დაუფლებული თანხების სხვადასხვა ანგარიშებზე გადატანის, წარმომავლობის შენიღბვის, კრიპტოვალუტად გარდაქმნის და სხვადასხვა საფულეებზე გადატანის ოპერაციებით, ბრალდებულმა მოახდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე გრძელდება გამოძიება და გატარდება შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები, ბრალდებულის ადგილსამყოფელის დადგენის, დაკავების და საქართველოში ექსტრადირების მიზნით” – აცხადებს პროკურატურა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს იფთარზე უმასპინძლა
შემდეგი სტატიაDeutsche Welle – დონალდ ტრამპის პროგნოზმა, რომ ომი მალე დასრულდება, ნავთობის ფასი 7%-ით შეამცირა