„ჩინეთის მიერ ორგანიზებულ BRICS-ის თამაშებზე ჩვენი ოკუპირებული რეგიონების ცალკე სახელმწიფოებად წარმოდგენა ქართული ოცნების მათთან სტრატეგიული პარტნიორობის საზიანო საფუძვლებზე უსვამს ხაზს“ – გიგი წერეთელი
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი ჩინეთის მიერ ორგანიზებულ BRICS-ის თამაშებზე ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად წარმოდგენას გამოეხმაურა.
როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ამბავი გვამცნო, საქართველოსთვის რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი და სამწუხარო ფაქტი მოხდა.
მისი თქმით, ჩინეთმა ჯერ გაეროში დევნილების დაბრუნების რეზოლუციას არ დაუჭირა მხარი, შემდეგ ანაკლიის პორტის სტრატეგიული ობიექტი ჩინურ კომპანიებს გადაეცა და ასევე ჩინური კომპანიები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ინვესტირებაზე მსჯელობენ.
„გარდა ამისა, ბოლო ფაქტი რაც მოხდა, არის, რომ ჩინეთის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ჩვენი ოკუპირებული რეგიონების დროშები საქართველოს დროშასთან ერთად ცალკე არის წარმოდგენილი. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ მიმართულებით ხელისუფლების პოლიტიკის არასწორ და საზიანო საფუძვლებს“ – თქვა გიგი წერეთელმა