ჩინეთის ელჩი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს არჩილ ფრანგიშვილს, სტუ-ის პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, დღეს, პროექტის – „ერთი სარტყელი – ერთი გზა“ ფარგლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში – ძი იენჩი შეხვდა.

შეხვედრაზე ელჩმა საქართველოს-ჩინეთის თანამედროვე ურთიერთობების აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა და შეეხო როგორც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის სამეცნიერო-კვლევით კოლაბორაციას, ასევე, ტექნიკური უნივერსიტეტის ურთიერთობას პეკინის, შანხაის და გუანჯოუს ეკონომიკური და საინჟინრო-ტექნოლოგიური პროფილის ორგანიზაციებთან.

როგორც რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა აღნიშნა, ჩინეთის მხარეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ინტენსიური სამეცნიერო-კვლევითი თანამშრომლობა აკავშირებს, რაც ერთობლივი პროექტების შექმნის მიზნით ხორციელდება. მისი თქმით, ჩინეთთან ურთიერთობა, უპირველეს ყოვლისა, ბევრი მიმართულებით არის უმნიშვნელოვანესი და საინტერესო.

„ჩინეთი მსოფლიო ბაზარზე, დღეს, მეცნიერებადტევადი ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა. ეს სწორედ ის მოდელია, რამაც შეიძლება საქართველო ეკონომიკურად გააძლიეროს, იმ შემთხვევაში, თუ სწორ მიმართულებას ავირჩევთ და გავითვალისწინებთ იმ მოცემულობასაც, რაც ჩვენი ქვეყნისთვისაა მისაღები, შედეგს აუცილებლად მივაღწევთ.
ტექნიკური უნივერსიტეტი აუცილებლად უნდა იყოს აქტიური მონაწილე იმ უმნიშვნელოვანეს პროექტისა, რომელსაც ჰქვია „ერთი სარტყელი – ერთი გზა“. ეს ახალი ინიციატივაა, რომელიც ჩინეთმა მსოფლიოს შესთავაზა. ტექნიკური უნივერსიტეტის როლი ნამდვილად საინტერესოდ იკვეთება ამ სისტემაში. ვამაყობთ იმით, რომ საქართველოს მხრიდან პირველები, ვინც ჩინეთის საინჟინრო აკადემიასთან თანამშრომლობა დაიწყეს, რითაც ამ დიდი პროექტის ინიცირება მოხდა, ჩვენი ტექნიკური უნივერსიტეტი და საქართველოს საინჟინრო აკადემია იყო. ჩვენ დავადგინეთ ის 7 მთავარი მიმართულება, რომლითაც საქართველო აქტიურად ჩაერთო ამ პროექტში და ამ მიმართულებით უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული. დღეს უკვე ბევრი დელეგაცია ჩამოდის ჩინეთიდან, ბევრი შეთავაზებაა, როგორც საუნივერსიტეტო, ასევე სამრეწველო კუთხით და ვიმედოვნებთ, რომ დავძლევთ პრობლემებს და ვიქნებით დინამიკურად განვითარებადი ქვეყანა, ისეთი, როგორიც ჩინეთია“, განაცხადა არჩილ ფრანგიშვილმა.

როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ძი იენჩიმ აღნიშნა, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან შეხვედრის საშუალება მიეცა.

„ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საქართველოსთვის ბევრი კარგი სპეციალისტი აღზარდა, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს ეკონომიკაში. როგორც ვიცი, ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის საინჟინრო აკადემიის პრეზიდენტი იმყოფებოდა და საფუძველი ჩაეყარა ამ ორი ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების თანამშრომლობას. მადლობას გიხდით იმისათვის, რომ ასე წარმატებით თანამშრომლობთ ჩინურ უნივერსიტეტთან და მინდა გამოვთქვა სურვილი, რომ ეს თანამშრომლობა უფრო მეტად გაღრმავდეს. მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ის ფაქტი, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველი ჩაერთო „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ თანამშრომლობის კვლევით საქმიანობაში და ეს ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის პროექტად იქცა“, – განაცხადა ძი იენჩიმ.

ჩინეთის ელჩმა საქართველოში ჩინეთის განათლების სისტემის შესახებაც ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა იმ პერსპექტივებზე, რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ჩინეთის უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში ექნებათ.

შეხვედრაზე აღინიშნა ისიც, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეცნიერული, ტექნიკური, ტექნოლოგიური და ეკონომიკური განვითარების თავისებურებების შესწავლის მიზნით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რამდენიმე ტექნიკური კვლევითი ინსტიტუტი ფუნქციონირებს და ჩინურ მხარესთან ერთად, მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობს. ამას გარდა, ჰონგ-კონგისა და მაკაოს კვლევით ინსტიტუტებთან ერთად, დაწყებულია თანამშრომლობა კონფლიქტების დარეგულირების გზების ძიების მიზნით.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე – ევროპულ ოჯახში გაწევრიანება ქართველი ხალხის ცივილიზებული არჩევანია
შემდეგი სტატიაპარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ რეკლამებში გაწეულმა ხარჯმა 7 015 469 ლარი შეადგინა