15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

ჩინეთი: აშშ-ის მხრიდან ნებისმიერ დამატებით ტარიფს მკაცრი საპასუხო ზომებით დავუპირისპირდებით

აშშ-ის მიერ ახალი ტარიფების დაწესების შემთხვევაში, ჩინეთი საპასუხო ზომებით იმუქრება.

აღნიშნული განცხადება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გუო ძიაკუნმა პეკინში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ჩინეთის მთავრობის ეს განცხადება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთს 50%-იანი ტარიფების დაწესებით ემუქრება, თუ დადასტურდება, რომ ქვეყანა ირანს იარაღით ამარაგებს.

ჩინეთის საგარეო უწყების განმარტებით, ქვეყანა სამხედრო პროდუქციის ექსპორტის მიმართ ყოველთვის პასუხისმგებლიან მიდგომას იჩენს და პროცესს საკუთარი კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად მკაცრად აკონტროლებს. გუო ძიაკუნმა ირანისთვის სამხედრო მხარდაჭერის აღმოჩენის შესახებ გავრცელებულ ცნობებს სრული ფაბრიკაცია უწოდა და ვაშინგტონს დაუსაბუთებელი ბრალდებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

ოფიციალური პეკინის პოზიციით, აშშ-ის მსგავსი ნაბიჯები საერთაშორისო სავაჭრო წესებს ეწინააღმდეგება და ორ ქვეყანას შორის ისედაც დაძაბულ ეკონომიკურ ურთიერთობებს კიდევ უფრო დაამძიმებს.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ვაშინგტონის მხრიდან ტარიფების შესაძლო გამოყენება ჩინეთის ეკონომიკაზე ზეწოლის განხორციელების მორიგი ბერკეტია, რაც გლობალურ ბაზრებზე არასტაბილურობის რისკებს ზრდის.

banner
წინა სტატიაშიქარელი-აგარის მონაკვეთზე ავარიას 30 წლამდე ასაკის კაცი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიამარტვილში წაჩხურობის დღესასწაულს აღნიშნავენ-გილოცავთ წაჩხურობას!