ჩინელი ექიმები იტალიელებს ქვეყნიდან წასვლით დაემუქრნენ!

გვირგვინოსანმა ჭირმა მთელი მსოფლიო „დააპაუზა“. განსაკუთრებით მძიმე დღეშია იტალია, სადაც ბევრი ქართველი ცხოვრობს. ქართველი ემიგრანტების ნაწილი სამშობლოში დაბრუნდა, დიდი ნაწილი კი იტალიაშია დარჩენილი. მათ შორისაა თამუნა თაბუკაშვილი. იგი იტალიაში რამდენიმე წლის წინ წავიდა სამუშაოდ. თამუნა რომში ცხოვრობს და იტალიელების „არხეინობით’ გაოგნებულია. მას მიაჩნია, რომ იტალიაში ვირუსის გავრცელებას უდარდელობამ შეუწყო ხელი. იტალიელთა უდარდელობამ ჩინელი ექიმებიც კი გადარია.
რატომ არის იტალია ასეთ მძიმე დღეში, რატომ დაიმუქრნენ ჩინელი ექიმები იტალიიდან წასვლით, არის თუ არა ქართველი ემიგრანტების უსაფრთხოება დაცული – ამ საკითხებზე „თაიმერს“ თამუნა თაბუკაშვილი ესაუბრება:
– თამუნა, დღეს იტალიაში არის კატასტროფული ვითარება. ამბობენ, რომ ხელისუფლებამ თავის დროზე არ მიიღო სათანადო ზომები და ამიტომ გავრცელდა ეს საშინელი ვირუსი. რა ვერსია აქვთ ამასთან დაკავშირებით იტალიაში?
– როდესაც ჩინეთიდან პირველი ინფორმაცია გავრცელდა ვირუსის შესახებ და მან მიიღო პროგრესირებადი სახე, იტალიის პრემიერმა უმალვე ექვსთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ეს გადაწყვეტილება და საგანგებო ვითარების წესები, პირველ რიგში, აეროპორტებს შეეხო, შემდეგ მატარებლების სადგურებს. ტემპერატურის საზომი აპარატით. კონტროლდებოდა ყველა შემომსვლელი მგზავრი, დააყენეს სპეციალური „ჭკვიანი” ვიდეო-კამერები, სადაც ადამიანის ორგანიზმის სრული ნეგატივი ჩანდა. ქალაქებისგან მოშორებით შეიქმნა საველე, იზოლირებული ბანაკი, რომელსაც სამხედროები იცავდნენ. ეს ბანაკები განკუთვნილი იყო ეჭვქვეშ მყოფი ადამიანებისთვის და იქ ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრები გადაჰყავდათ.
მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარებოდა, მაინც გაჩნდა ვირუსის პირველი კერა, იტალიის ჩრდილოეთში. მედია აცხადებდა, რომ ეს მოხდა, „შემოპარვის“ საფუძველზე და ამ ინფორმაციას საგამოძიებო ჯგუფის მიერ დადებულ დასკვნებზე დაყრდნობით ავრცელებდა. გვაჩვენებდნენ, როგორ შემოვიდა ორი მგზავრი იტალიის სამხრეთში და როგორ გადაადგილდებოდა, ჩრდილოეთისკენ – ვენეციის გავლით.
ეს იყო პირველი კერა. თუმცა, ჩრდილოეთ იტალიაში და კერძოდ ლომბარდიის რეგიონში, როგორც შემდეგ გაირკვა, თვითონ იტალიელმა შეიტანა ვირუსი, რომელიც ჩინეთიდან ახალი ჩამოსული იყო და ჩამოსვლის დროს ვირუსის არანაირი ნიშანი არ აღენიშნებოდა.
ამ ადამიანის არსებობის შესახებ მას შემდეგ გაიგეს, რაც ერთი ოჯახის ინფიცირების ამბავი გავრცელდა. სწორედ ჩინეთიდან ჩამოსულ კაცთან ერთად ივახშმეს რესტორანში და ორი დღის შემდეგ დაიწყო მათი ინფიცირების გამოვლენა. უკვე იცოდნენ ინფიცირების გამავრცელებლის ვინაობა, მაგრამ ვერ მიაგნეს.
– მარტო ამ ერთმა ადამიანმა დაატრიალა ასეთი საშინელება?
– არ არის გამორიცხული, რომ ვირუსის ნიშნები მანამდეც ყოფილიყო ქვეყანაში. მაგრამ დღეს მის პირველწყაროდ აცხადებენ ჩინური ახალი წლის აღსანიშნავად თავის სამშობლოში ჩასულ და დაბრუნებულ ადამიანების, თუმცა ეს ვარაუდის დონეზეა.
თავიდანვე დაიწყეს სასტუმროების შემოწმება ყველა რეგიონში. რომში აიყვანეს ორი ჩინელი, რომელთაც გრიპის ნიშნები ჰქონდათ. დალუქეს სასტუმრო და ჩინელები იზოლაციაში მოათავსეს, ერთ-ერთ საავადმყოფოში, სადაც გამოკვლევის შედეგებმა უარყოფითი პასუხი აჩვენა.
ვერ ვიტყვი, რომ იტალიის ხელისუფლებამ პრევენციის ზომების გატარება დააგვიანა, თუმცა თავიდანვე უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ ღია საზღვრები და მილიონობით გადაადგილებული პირი აუცილებლად შეუქმნიდა საფრთხეს ქვეყანას. რადგან პირველმა კერამ ლომბარდიის რეგიონში იფეთქა, მთელი ყურადღება იქით იყო მიმართული, მაგრამ „წითელ ზონად” გვიან გამოაცხადეს, უკვე მთელი იტალიის მასშტაბით გადაადგილდებოდნენ ინფიცირებულები.
ძალიან მიკვირდა, რომის სიმშვიდე და ზოგადად ლაციოს რეგიონის თავდაცვა. ყველაზე გვიან იტალიის დედაქალაქს ესტუმრა ვირუსი. ამის შემდეგაც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ლაციოს რეგიონის სტატისტიკური ნიშნული 6-ზე იყო გაყინული. ბოლო კვირის განმავლობაში კი 40-ზე ავიდა სიკვდილიანობის მაჩვენებელი.
სადღეისოდ იტალიის ყველა რეგიონი არის საფრთხის შემცველი და ფაქტია, რომ „წითელი ზონიდანაც” შესძლეს გამოღწევა ინფიცირებულებმა, რომლებიც ქალაქებში გაიფანტნენ.
ერთადერთი გამოსავალი გახდა სრულიად იტალიის „წითელ ზონად” გამოცხადება, თუმცა, უკვე დაგვიანებულად. მე ვფიქრობ, 20 მარტს გამართული სამთავრობო თათბირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სწორედ ჩინეთიდან დასახმარებლად ჩამოსული ექიმების საგანგაშო განცხადებამ გამოიწვია, რომლებიც მთელი ქვეყნის თვითიზოლაციას მოითხოვდნენ და მიხვდნენ, რომ არხეინად მყოფი იტალიელების ხელში, ვერ დაამარცხებდნენ პანდემიას და საკუთარ ქვეყანაში გადარჩენილები შესაძლოა იტალიაში გამხდარიყვნენ მსხვერპლი.
– ახლა ყველაზე მთავარი კითხვა: როგორ ცხოვრობთ მანდ ქართველები? რამდენად ხართ დაცულები?
– რაც შეეხება ემიგრანტებს, მადლობა ღმერთს, რომ ბევრი დაცულია და იზოლირებულად მუშაობს. ვინც არ მუშაობს, ისევ ქართველებთან ერთად არიან, ნაქირავებ ბინებში. თუმცა არიან საშიშროების წინაშე მდგომებიც და ესეც ისევ იტალიელების დამსახურებით, რომლებიც არ ითვალისწინებენ პრევენციის ზომებს და არც „წასვლა-წამოსვლა-მისვლას“ იშლიან. თან ამას აკეთებენ ყოველგვარი თავდაცვის გარეშე. 10 დღის წინ, იშვიათად ნახავდი პირბადიან ადამიანს ქალაქში, ერთჯერად ხელთათმანზე არც იყო საუბარი. დღეს ცოტა მომრავლდნენ ნიღბიანები, მაგრამ რა? ყველამ თუ არ მიიღო ზომები, აზრიც არ აქვს. დღეს ვიყავით სუპერ-მარკეტში, სურსათის მარაგისთვის და ქუჩა ჩვეულებრივად მოძრავია – ტრანსპორტი დადის, ფეხით მოსიარულეები საკმაოდაა. მხოლოდ მარკეტში იცავენ შესვლის რიგის წესებს და ამასაც დაცვა აკონტროლებს. ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება პოლიციის საგანგებო რეჟიმში გადასვლის შესახებ

 

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ ქუთაისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი
შემდეგი სტატიამამა შალვა: მზად ვარ დამიჭირონ და ციხეში მოვხვდე, ვიდრე აღდგომას წირვაზე არ წავიდე