ჩინჩალაძე-მურუსიძეს დაურტყი ჩაქუჩი – ამ მიმართვის შემდეგ, მოსამართლემ ნიკა მელია დარბაზიდან გააძევა

ჩინჩალაძე-მურუსიძეს დაურტყი ჩაქუჩი, – ასე მიმართა დარბაზიდან ნიკა მელიამ მოსამართლე გიორგი კერატიშვილს. მიზეზი ნიკა მელიას განცხადება გახდა, როდესაც მან მოითხოვა, რომ მოსამართლეს გაეთვალისწინებინა მისი ადვოკატის შუამდგომლობა.

კერძოდ, წინა სასამართლო სხდომაზე ნიკა მელიას დაცვის მხარემ შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს და მოითხოვა, თავდაპირველად სასამართლოს ემსჯელა ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ. ადვოკატ გიორგი კონდახაშვილის განმარტებით, შუამდგომლობას დართული აქვს იმ ოპოზიციონერი დეპუტატების ხელმოწერები, რომლებიც თავდებში უდგებიან ნიკა მელიას. მისივე თქმით, ვინაიდან პარლამენტში მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების მნიშვნელოვანი პროცესი, ნიკა მელიას თავდებში მყოფი დეპუტატები ვერ ახერხებენ სრულად დასწრებას სასამართლო სხდომაზე, კანონის მიხედვით კი თავმდები პირის სხდომაზე ყოფნა სავალდებულოა. ადვოკატის განმარტებით, სწორედ ამიტომ უმჯობესი იქნება, თუ სასამართლო პირველ რიგში იმსჯელებს აღკვეთის ღონისძიების გაუქმებაზე ან ალტერნატიული სახით შეცვლაზე.

მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა განმარტა, რომ ის ვერ გადაუხვევს პროცედურულ წესებს, თუმცა მისივე მტკიცებით, გაითვალისწინებს აღნიშნულ გარემოებას და თუ საჭირო გახდება, ჩანიშნავს პროცესს ისეთ დროს, როდესაც თავდებში მყოფი დეპუტატები შეძლებენ დასწრებას.

ნიკა მელიამ მოსამართლეს უთხრა, რომ მას ურეკავენ და ისე იღებს გადაწყვეტილებებს და თუ ასე არ არის, დაიფიცოს, რაზეც მოსამართლემ უპასუხა, რომ ის გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს და თუ ასე საუბარს გააგრძელებს მას გააძევებს.

საბოლოოდ, ნიკა მელიამ არ გაითვალისწინა მოსამართლის მოწოდება და ის დარბაზიდან გააძევეს. პროცესი მის გარეშე გრძელდება.

banner
წინა სტატიაში“ფსიქიკურ ჯანდაცვას სახელმწიფოს მხრიდან ყველაზე ნაკლები ყურადღება ექცევა” – სახალხო დამცველი
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – არაფერი მოხდება ბიზნესთან შეუთანხმებლად და ისე, რომ ხელი შეუშალოს ეკონომიკის ზრდას