ჩიხრაძე NDI-ზე: ამომრჩეველი გაურბის, რომ თავისი არჩევანი ხმამაღლა დააფიქსიროს

სიღრმისეულად ჯერ არ გავცნობილვარ, მაგრამ რასაც გადავხედე, ეს კვლევა ორ სტრესს ასახავს. არჩევნებიდან დაახლოებით ერთი თვის თავზე ამომრჩეველი გაურბის, თავისი არჩევანი ხმამაღლა დააფიქსიროს და დაახლოებით 25 პროცენტი ამბობს, რომ არ იტყვის, 26 პროცენტამდე ამბობდა – არ ვიცი, ანუ ნიღბავს თავის განწყობას და გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ფიქრია ჩიხრაძემ პარტიების მხარდაჭერის ნაწილში „ენდიაის“ კვლევის შედეგების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, თავად ფაქტი, რომ ამომრჩეველის გარკვეული რაოდენობა მალავს, ვის მისცა ხმა, პრობლემას წარმოადგენს. ამასთან, როგორც ჩიხრაძე ფიქრობს, განსაკუთრებით სატელეფონო კვლევას, დიდი ნდობა არ აქვს.

„სიღრმისეულად ჯერ არ გავცნობილვარ, მაგრამ რასაც გადავხედე, ეს კვლევა ორ სტრესს ასახავს, ერთი არის კოვიდსტრესი, რომელიც ძალიან სერიოზულად მუშაობს და ადამიანები დათრგუნულები არიან. მიუხედავად უამრავი პრობლემისა, მაინც ეს პრობლემა ძალიან დიდ ზემოქმედებას ახდენს ყველანაირ განწყობაზე და გადაწყვეტილებაზე. მეორე სტრესი, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებმა ახლახანს ჩაიარა და ადამიანებმა თავიანთი გადაწყვეტილება საარჩევნო ყუთებთან ბიულეტენებში ასახეს, მაინც არ უნდათ, რომ საჯაროდ ამის თაობაზე განაცხადონ, რადგან ცხრას პლუს ხუთი ოპოზიციური პარტიების ჯამური შედეგი გამოდის 14 ამ კვლევაში და გაყალბებული მაჩვენებლებითაც კი ძალიან ბევრჯერ აღემატება ამ მაჩვენებელს. ანუ არჩევნებიდან დაახლოებით ერთი თვის თავზე ამომრჩეველი გაურბის, თავისი არჩევანი ხმამაღლა დააფიქსიროს და დაახლოებით 25 პროცენტი ამბობს, რომ არ იტყვის, 26 პროცენტამდე ამბობდა – არ ვიცი, ანუ ნიღბავს თავის განწყობას და გადაწყვეტილებას.

ის, რომ ამდენი პროცენტი არ ამხელს ან მალავს, არის პრობლემური. ძირითადად უნდა ვივარაუდოთ, რომ ის ოპოზიციური ამომრჩეველია, თუმცა შესაძლოა იყოს იქ სხვაც, მაგრამ რატომ მალავს, ეს არის პრობლემა. რატომ არ უნდა, რომ განაცხადოს ამის თაობაზე. ოპოზიციამ რეალურად მიიღო ხო გაყალბებითაც რამდენი დაუფიქსირდა, ის ხალხი რატომ არ ამჟღავნებს ამის თაობაზე. ვფიქრობ, არჩევნებიდან რაღაც პერიოდის შემდგემ ეს მაჩვენებელი მინიმუმ იმხელა უნდა ყოფილიყო, რამდენიც არჩევნების დროს დაფიქსირდა. არასოდეს ეს ასე უკვალოდ არ ქრება, არ ორთქლდება. ამიტომ, სამწუხაროა, რომ ჩვენი მოსახლეობა ამ სტრესების ქვეშ იმყოფება. როგორც ჩანს, განსაკუთრებით სატელეფონო კვლევას, ჩვენთან დიდი ნდობა არა აქვს, რადგან დიდი მიღწევა კი გვეგონა ჩვენ 2012-ის შემდეგ, რომ აღარ გვისმენენ, მაგრამ სამწუხაროდ, არათუ ჩვენ, ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს უსმენენ, არამედ აღმოჩნდა რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსაც აქტიურად უსმენენ და შემდეგ ამის დადასტურებებს ვხედავთ ხოლმე, პერიოდულად ქვეყნდება“, – განაცხადა ჩიხრაძემ.

banner
წინა სტატიაშიპროტესტი ლილოს ბაზრობაზე გრძელდება
შემდეგი სტატიამდინარაძე: კინკლაობის დრო არ არის