„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილს გამოეხმაურა.
„ღარიბაშვილის ეს ეპისტოლარული ჟანრი კიდევ ერთხელ მიანიშნებს „ქართულ ოცნებაში“ რაოდენ კრიზისული ვითარებაა. მე და საზოგადოებას ძალიან კარგად გვახსოვს იგივე ღარიბაშვილის ქება-დიდება გახარიასა და სხვა ლიდერებისადმი, რომლებიც დღეს ციხეებში არიან გამომწყვდეულები. ერთადერთი ვისაც ისინი არ ლანძღავენ და აგინებენ, არის ის ადამიანი, რომელმაც ის ხალხი შეარჩია, რომლებიც ძალიან ბევრი ფულის მითვისებაში აღმოჩნდნენ მხილებულები. იმის გამო, რომ როგორც თავად ამბობენ, ვიღაცამ ვიღაც გადააგდო, მოატყუა, საკმარისი ფული არ აშოვნინა და ა.შ. ძირითადად, ამ ნიადაგზე ჩხუბობენ ერთმანეთში. მე ჯერ არ მომისმენია ღარიბაშვილს მის წინააღმდეგ არსებული კორუფციული ბრალდებები უარეყო და ეთქვას, რომ მას სახელმწიფო ბიუჯეტისაგან ფული არ მოუპარავს. ტოტალურ ქურდებთან და კორუფციონერებთან გვაქვს საქმე „ქართულ ოცნებაში“ და მისი თითოეული ყოფილი თუ ახლანდელი წარმომადგენელი რას იტყვის, ამას აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.








