ჩიხლაძე – სალომე ზურაბიშვილი „ხშირ შემთხვევაში ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებით გამოირჩევა“

მინდა კითხვა დავუსვა ქალბატონ პრეზიდენტს – მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლო არის სამართლიანი [მიხეილ] სააკაშვილის მიმართ და მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იყო უსამართლო? არ შეიძლება ორმაგი სტანდარტებით ცხოვრება, მაშინ, როდესაც ქვეყანას წარმოადგენთ,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისივე განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი „ხშირ შემთხვევაში ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებით გამოირჩევა“.

„პრეზიდენტი ხშირ შემთხვევაში ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებით გამოირჩევა. მინდა კითხვა დავუსვა ქალბატონ პრეზიდენტს. თუ მის მიმართ საქართველოს სასამართლო იყო უსამართლო, თუ ის თვითონ ყველა საჯარო საერთაშორისო ტრიბუნას იმის სასაუბროდ იყენებს, რომ სასამართლო თავისუფალი არ არის, ოლიგარქი მართავს ქვეყანას, მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის მიმართ იყო სასამართლო სამართლიანი? ან მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლო არის სამართლიანი სააკაშვილის მიმართ და მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იყო უსამართლო? ძალიან მარტივი კითხვაა, ქალბატონო პრეზიდენტო. არ შეიძლება ორმაგი სტანდარტებით ცხოვრება, მაშინ როდესაც ქვეყანას წარმოადგენთ”, – განაცხადა მან.

გარდა ამ საკითხისა, ჩიხლაძე იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ყოფნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს „საერთოდ შემხებლობაში არ არის საქართველოში მიმდინარე პროცესებთან“.

„ეს არის გერმანიის და უკრაინის ურთიერთობა და ისინი როგორმე ჩვენ გარეშე გაარკვევენ, ვინ მიიღონ სტუმრად ან არ მიიღონ. საერთოდ შემხებლობაში არ არის ეს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან და იმ ცხრა დათქმასთან და პირობასთან, რომელიც შესასრულებელი გვაქვს უახლოესი ერთი წლის განმავლობაში“,- აღნიშნა ჩიხლაძემ.

banner
წინა სტატიაშიმანჯგალაძე – არჩევნებში ჩვენ 40%-მდე ავიღებთ, თუ 10%-ს ნიკა მელია და ნიკა გვარამია აიღებენ, მოვსულვართ ხელისუფლებაში
შემდეგი სტატიაჯერჯერობით არაფერი მესმის, რას აკეთებენ ჩემი კოლეგები – რაქვიაშვილი ოპოზიციაზე