ჩიხლაძე – „ქართული ოცნება“ თვითონ უფრო უსმენს თავისივე ლიდერებს

„ქართული ოცნება“ თვითონ უფრო უსმენს თავისივე ლიდერებს და ეს ჟონვა ინფორმაციის მეტყველებს, რომ შიდა ბრძოლები აქვთ და შიდა კომპრომატები, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა“ სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რითაც რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს გამოეხმაურა.

„პირველ რიგში, ენით აღუწერელი და წარმოუდგენელი რამ ხდება ჩვენს ქვეყანაში და გასაგებია, რომ ეს არის ყოვლად დაუშვებელი. ტოტალიტარულ ქვეყნებშიც კი ასეთი რამ არ ხდება, რომ ყველა სეგმენტს, ყველა ადამიანს, ყველა სოციალური ფენის ადამიანს უთვალთვალებენ და ტერორში ჰყავთ. უწყინარი ინფორმაციაც რომ გაჟღერებულიყო და გაჟონილიყო, ნორმალურ ქვეყანაში, ამ უწყების, სუს-ის ხელმძღვანელი გადადგებოდა და მითუმეტეს, საუბარი გვაქვს უწყინარ ინფორმაციაზე კი არა, ადამიანის პირად ინფორმაციებზე, დატერორებაზე, შანტაჟზე, თვალთვალზე. რა თქმა უნდა, აქ სულ მცირე უნდა გადადგეს ლილუაშვილი, მაგრამ, ეს „ქართული ოცნების“ ხელწერაა. ისინი პასუხისმგებლობას არაფერზე არ იღებენ და რაც მთავარია, ყველას ხომ გვესმის, რომ ეს მხოლოდ ლილუაშვილის ინიციატივა არ იყო, ამის უკან დგანან მთლიანად „ქართული ოცნების“ ლიდერები და ერთი ადამიანი – ბიძინა ივანიშვილი. ესენი არიან ჭანჭიკები, მათ შორის, ლილუაშვილი და სხვა მინისტრები და პასუხისმგებლობას არც აიღებენ და ვერც აიღებენ იმიტომ, რომ ერთი კაცის წინაშე არიან პასუხისმგებელი და ერთი კაცია პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც ხდება ამ ქვეყანაში და ეს არის ოლიგარქი ივანიშვილი,“- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე – უნდა შევცვალოთ ხელისუფლება 2 ოქტომბერს
შემდეგი სტატიაუახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი