ჩიხლაძე – ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ამნისტიის კანონპროექტზე შესაძლებელია, პოზიციები დაახლოვდეს და ერთი კანონპროექტი გავიდეს

ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ამნისტიის კანონპროექტზე შესაძლებელია, მოხდეს პოზიციების დაახლოება და ერთი კანონპროექტის გატანა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მხარეები შეთანხმებულები არიან, რომ ე.წ. კონვენციით დაცული მუხლები არ იქნება არც ერთ კანონპროექტში.

რაც შეეხება განსხვავებას, ჩიხლაძის თქმით, ეს არის დამატებითი ჩამკეტები მათ მიერ ინიცირებულ კანონპროექტში ვადებთან დაკავშირებით და დამატებითი ჩამკეტები დაზარალებულის თანხმობასთან დაკავშირებით.

„ქართული ოცნების“ კანონპროექტი ჯერ ასე არ გამოქვეყნებულა. ერთადერთი, რაზეც შეთანხმებული ვართ მხარეები, რომ ის მძიმე მუხლები, ე.წ. კონვენციით დაცული მუხლები, რაც მოიაზრებს წამებას, არაადამიანურ მოპყრობას, ასევე მუხლი, რომელიც მოიაზრებს მძიმე ფიზიკური დაზიანების მიყენებას, ასეთი მუხლები არ იქნება არც ერთ კანონპროექტში. ამაზე ვართ შეთანხმებულები. რაც შეეხება განსხვავებას, ეს არის დამატებითი ჩამკეტები ჩვენს მიერ ინიცირებულ კანონპროექტში ვადებთან დაკავშირებით და დამატებითი ჩამკეტები დაზარალებულის თანხმობასთან დაკავშირებით. ეს არის ამ მომენტისთვის, რაც არის განსხვავება. თვითონ ეს მძიმე მუხლები გათვალისწინებული იქნება „ქართული ოცნების“ კანონპროექტში, რაც არის აქამდე შეთანხმებული. მეტს ვიტყვით, როცა ეს დაინიცირდება და „ქართული ოცნების“ ვარიანტი გამოქვეყნდება. აღსანიშნავია, ვიმუშავებთ იმაზე, რომ მაქსიმალურად დაახლოვდეს ეს ორი კანონპროექტი და უპრიანი იქნება, რომ ერთი კანონპროექტით მოხდეს კენჭისყრა.

ამნისტია ყველაზე ვერ გავრცელდება და ამაზე შეთანხმებულები ვართ. საუბარია არსებულ საქმეებზე, რაც არის პროტესტის 16 მონაწილეზე, ნიკა მელიაზე და სამ პოლიციელზე, რაც დღესდღეობით არის ცნობილი. ამაზე იყო მოლაპარაკება. ყველაზე და ყველაფერზე ვერ გავრცელდება. მთავარი წინააღმდეგობა რაც იყო, ამაზე შეჯერებული ვართ, თუ „ქართულმა ოცნებამ“ ეს არ დაარღვია. ჩვენთვის მთავარია, თვალის დამთხრელებს, ჯალათები არ მოხვდნენ ამაში და ამაზე შეთანხმება არის, რომ არ მოხვდებიან.

უფრო ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ შესაძლებელია მოხდეს პოზიციების დაახლოება და ერთი კანონპროექტის გატანა“,- განაცხადა ჩიხლაძემ.

ამასთან, ჩიხლაძის განცხადებით, ნიკა მელიას მიმართ ევროკავშირის გირაო ნიშნავს, რომ ის არის უდანაშაულო, რადგან მისივე თქმით, ევროკავშირი დამნაშავეებისთვის თავისი ფონდებიდან გირაოს არ იხდის.

„გირაოს თემა განიხილებოდა მოლაპარაკებებზეც საწყისი ეტაპიდან და ამაზე ადრეც ვამბობდით, რომ ევროკავშირის გირაო, დიახაც, ნიშნავს, რომ ის არის უდანაშაულო, რადგან ევროკავშირი დამნაშავეებისთვის თავისი ფონდებიდან გირაოს არ იხდის. ეს პირიქით, უფრო გააძლიერებს იმ პოზიციას, რომ ნიკა მელია არის პოლიტპატიმარი და არის უდანაშაულო. მივესალმები ამ გადაწყვეტილებას, თუ ის, და დიდი ალბათობით, უკვე დათანხმდება ამ გირაოს და რამდენიმე დღეში თავისუფალი იქნება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საქმე შეწყვეტილია. საქმის შეწყვეტისთვის და საერთოდ, რომ გადაიფურცლოს ეს ფურცელი, ამიტომ არის ჩადებული ეს ამნისტია, რაზეც ავიღეთ პასუხისმგებლობა“,- განაცხადა ჩიხლაძემ.

banner
წინა სტატიაშიგეგელია – „ქართულ ოცნებას“ მოუწევს შეგუება, რომ ფხიზელი, ძლიერი ოპოზიცია იქნება წარმოდგენილი
შემდეგი სტატიააჭარაში „კოვიდ-19“-ით 34 წლის ქალი გარდაიცვალა