ჩიხლაძე – მოლაპარაკებებისა და შეთანხმების გარეშე არავინ არსად შესვლას აპირებს

მეთიუ ბრაიზა, ჩვენი ქვეყნის მეგობარია და მის აზრს ვითვალისწინებთ, მაგრამ მოლაპარაკებების პროცესი უკვე მიმდინარეობს, დღის წესრიგი შედგენილია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწის, მეთიუ ბრაიზას გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით.

„მეთიუ ბრაიზას ეს განცხადება კონფერენციაზე გაკეთდა, სადაც ბევრი სხვა ჩვენი მეგობარი იყო. სხვადასხვა განცხადება გაკეთდა. მეთიუ ბრაიზა, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მეგობარია და მის აზრს ვითვალისწინებთ, მაგრამ მოლაპარაკებების პროცესი უკვე მიმდინარეობს, დღის წესრიგი შედგენილია. დღის წესრიგი ასეთია-გვაქვს მოლაპარაკებები, ვთანხმდებით საკითხებზე და თუ შეთანხმება არის, რა თქმა უნდა, ოპოზიცია სრულფასოვნად მიიღებს მონაწილეობას პოლიტიკურ ცხოვრებაში. მეთიუ ბრაიზას კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემა, თუმცა მოლაპარაკებებისა და შეთანხმების გარეშე არავინ არსად შესვლას აპირებს“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, მეთიუ ბრაიზამ მონაწილეობა მიიღო ონლაინკონფერენციაში, რომლის ორგანიზატორი ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტების ჯგუფი იყო.

„მოვუწოდებ ჩემს მეგობრებს ოპოზიციაში, აიღეთ მანდატები, წარმოადგინეთ ხალხი, რომელმაც ხმა მოგცათ, თქვენი უახლოესი მეგობრები ტრანსატლანტიკურ ოჯახში არ ამბობენ, რომ არჩევნები მოიპარეს“, – განაცხადა მეთიუ ბრაიზამ ონლაინკონფერენციაზე.

მისივე თქმით, ევროკავშირსა და აშშ-ს საქართველოში ძალიან ბევრის მიღწევა შეუძლიათ.

„ოპოზიციაში ახლა ჩემი მეგობრები არიან, მაგრამ მათ აქვთ მიდრეკილება, იფიქრონ, რომ კრიზისის დროს დიდი ტრანსატლანტიკური ორგანიზაციები, აშშ და ევროკავშირი იქნება მათი კავალერია და ცხრა მთას გადაივლიან ოპოზიციის გადასარჩენად. რომ დასავლეთი იმოქმედებს მათ სასარგებლოდ, ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ჩემი აზრით, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მათ ამ თამაშში არ ჩაგვითრიონ“, – განაცხადა ბრაიზამ.

banner
წინა სტატიაშიგომის მთაზე უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი – ეუთომ უკვე დადო დასკვნა, რაც ეჭვქვეშ არ აყენებს არჩევნების ლეგიტიმურობას