ჩიხლაძე – კონგრესში ორპარტიული გზავნილები იყო, რომ ივანიშვილის ავტორიტარულ რეჟიმს და დიქტატურის დამყარებას საქართველოში არავინ შეეგუება

ივანიშვილის მიზანი დიდი მუხტის დაქუცმაცება და გათითოკაცებაა, რისი საშუალებაც არ უნდა მივცეთ – ჩვენ არ გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება, ამ ბრძოლაში ერთიანობით აუცილებლად გავიმარჯვებთ , – ამის შესახებ პარტია “სტრატეგია-აღმაშენებლის ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რომელიც კონგრესში “მეგობრობის აქტის” განხილვას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, ჰელსინკის კომისიაში გუშინდელმა განხილვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ძლიერი, საიმედო და ერთგული პარტნიორია.

“ჰელსინკის კომისიაში გუშინდელმა განხილვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახით საქართველოს სანდო, ძლიერი და ერთგული მეგობარი პარტნიორი ქვეყანა ჰყავს. ორპარტიული გზავნილები იყო გაჟღერებული, კერძოდ, რომ ივანიშვილის ავტორიტარულ რეჟიმს და დიქტატურის დამყარებას საქართველოში არავინ შეეგუება. “რუსული კანონის” არსებობა და ივანიშვილის მცდელობა, რომ ძალადობრივად დარჩეს ხელისუფლებაში, შეუთავსებელია საქართველოს ევროინტეგრაციასთან და ასევე, ნატოში ინტეგრაციასთან.

მკაფიოდ იქნა ნათქვამი, რომ ყველა ის პირის მიმართ, ვინც “რუსული კანონის” ინიციირებაშია შემჩნეული, ვინც მხარი დაუჭირა, ვინც ძირს უთხრის ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუციებს და აძლიერებს ივანიშვილის ძალადობრივ რეჟიმს, მკაცრი ზომები იქნება გატარებული. ქართველი ხალხისა და სამოქალაქო სექტორის დახმარება გაგრძელდება.

ამის პარალელურად მნიშვნელოვანია, ქვეყნის შიგნით შევინარჩუნოთ ერთიანობა და მუხტი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებამ, მოქალაქეებმა და პოლიტიკოსებმა ვაჩვენეთ ბოლო ორი თვის განმავლობაში. ივანიშვილის მიზანი ამ დიდი მუხტის დაქუცმაცება და გათითოკაცებაა, რისი საშუალებაც არ უნდა მივცეთ. ერთიანობით და ერთმანეთთან გვერდით დგომით და ამერიკიდან და ევროპიდან მხარდაჭერით მოვემზადოთ ოქტომბრის არჩევნებისთვის. ასევე, მნიშვნელოვანია გვერდში დავუდგეთ იმ აქტივისტებს, ვის დაჩაგვრასაც აპირებს ივანიშვილი დაჭერებისა და დაშინების სახით.

ერთიანი ძალებით უნდა დავიცვათ ქართველი ხალხის არჩევანი და მმართველ პარტიას არ მივცეთ საშუალება, რომ გააყალბოს და მიიტაცოს არჩევნები. ამიტომ მთავარი ბრძოლა გვაქვს მოსაგები, ქვეყნის შიგნით. ჩვენ არ გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება. ამ ბრძოლაში ერიანობით აუცილებლად გავიმარჯვებთ” , – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე – ჩინეთი მყარად აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ეს არის ჩინეთის ოფიციალური პოზიცია
შემდეგი სტატიაწილოსანის განცხადებით, აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენაზე გაკეთებული განცხადებები ალტერნატიული რეალობის შექმნის მცდელობაა