ჩიხლაძე – ევროპარლამენტარები პასუხისმგებლობას მაგრამ უპირატესად ხელისუფლებას აკისრებენ

ევროპარლამენტარები პასუხისმგებლობას ორივე მხარეს აკისრებენ, მაგრამ უპირატესად ხელისუფლებას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ ევროპარლამენტარების განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია მეტად უნდა გააქტიურდეს, რათა „ქართულ ოცნებაზე“ მეტი ზეწოლა განხორციელდეს.

„ევროპარლამენტარების განცხადებაში ვნახეთ, რომ პასუხისმგებლობას ორივე მხარეს აკისრებენ, თუმცა ამ გზავნილში ნათლად ჩანს, რომ უპირატესი პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა. რაც შეეხება ოპოზიციას, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა.

მე პირადად ჩვენს მთავარ პასუხისმგებლობას ვხედავ იმაში, რომ უფრო მეტი ზეწოლა, უფრო მეტი წნეხი უნდა მოგვეხდინა „ქართული ოცნებაზე“, რათა მას ხელი არ ეკრა მოლაპარაკებებისთვის. ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ისინი არ არიან მზად მოლაპარაკებებისთვის, ამისთვის კი ოპოზიციას მეტი მუშაობა გვმართებს. ქვეყნის გარედან ჩვენი პარტნიორების მაქსიმალური ხელშეწყობა და ზეწოლაა. ჩვენც, ოპოზიციაც უნდა გავაქტიურდეთ ამ მხრივ“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

მისივე თქმით, ევროპარლამენტარების განცხადებაში ფინანსურ სანქციებზე მეტად დასანანია ფრაზა, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების გადახედვას ეხება.

„ამ განცხადებაში სავარაუდო ფინანსურ სანქციებზეც არის საუბარი, მაგრამ ფინანსურ სანქციებზე უფრო მეტად დასანანი, შემაშფოთებელი და ქვეყნისთვის საზიანო იქნება ის ფრაზა, რაც პირდაპირ წერია: „ევროკავშირსა და საქართველოს შორის მომავალი ურთიერთობების გადახედვა“. მაშინ, როდესაც ევროკავშირისკენ მივისწრაფით, „ქართული ოცნების“ მიერ ჩაშლილი მოლაპარაკებების ფონზე პირდაპირ გვითხრეს, რომ ჩვენ არათუ დავახლოვდებით, არამედ პირიქით, კიდევ უფრო დავშორდებით. საერთოდ ჩვენი ურთიერთობის საკითხი დადგება, ეს არის ყველაზე საშიში ქვეყნისთვის.

ოპოზიციური პარტიები ხვალ კიდევ ერთხელ შევიკრიბებით და ერთმანეთს გავუზიარებთ გეგმებს“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, ბოლო 24 საათში, საქართველოში 1077 პირი აიცრა
შემდეგი სტატიარა უნდა კახა ბექაურს – „TIMER“-ის პასუხი „MEDIACRITIK.GE“-ს