ჩიხლაძე – ევროკავშირი სერიოზული ზომებისთვის ემზადება, რომელიც ამ ეტაპზე მიმართული იქნება „ქართული ოცნების“ ლიდერებზე, ბიძინა ივანიშვილზე, დეპუტატებზე

ევროკავშირი ძალიან სერიოზული ზომებისთვის ემზადება, რომელიც ამ ეტაპზე მიმართული იქნება „ქართული ოცნების“ ლიდერებზე, ბიძინა ივანიშვილზე, დეპუტატებზე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი შეფასებით, თუ „ქართული ოცნება“ არჩევნებს გააყალბებს და ანტიევროპული კანონები ძალაში შევა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები დაპაუზდება და ინვესტიციებიც არ შემოვა.

„იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილის ძალადობა გაგრძელდება, თუ ის ძალადობრივი გზით შეცდება ოქტომბრის შემდეგ ხელისუფლებაში დარჩენას, თუ „რუსული კანონი“, „ოფშორების კანონი“, ანტიევროპული კანონები დეკემბერში კვლავ მოქმედებაში იქნება, ამის შემდეგ არა მარტო პასპორტებზე, არა მხოლოდ დიპლომატიურ ვიზიტებზე იქნება საუბარი, არამედ ყველანაირი ურთიერთობა, მათ შორის ფინანსურიც, საქართველოსა და ევროკავშირს შორის დაპაუზდება, არცერთი ინვესტიცია აღარ შემოვა ევროკავშირიდან, ამერიკიდან, რაც უკვე ქვეყანას და ჩვენ, ყველას დაგვაზარალებს. ამიტომ, საქართველოს მოქალაქეებს 3 რამ მოგვეთხოვება: პირველ რიგში, 26 ოქტომბერს ყველა მივიდეთ არჩევნებზე, ხმა არ მივცეთ „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს და იმავე საღამოს დავიცვათ ჩვენი ხმები, რომ ივანიშვილს ხმების გაყალბების სურვილიც კი არ გაუჩნდეს. ეს სამი რამ უნდა გავაკეთოთ და ამ შემთხვევაში, დეკემბრიდან აღდგება, გაფართოვდება და გაძლიერდება ჩვენი და ევროკავშირის ურთიერთობა“,-განაცხადა ჩიხლაძემ.

banner
წინა სტატიაში„დიდი შვიდეული“ – რუსეთმა უკრაინას, მიყენებული ზიანის გამო, 486 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი უნდა გადაუხადოს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი უკრაინის მშვიდობის სამიტზე დასასწრებად შვეიცარიაში გაემგზავრა