ჩიხლაძე – ანაფილაქსიური შოკი ნებისმიერმა მედიკამენტმა ან ვაქცინამ შეიძლება გამოიწვიოს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ანაფილაქსიური შოკი ნებისმიერმა მედიკამენტმა ან ვაქცინამ შეიძლება გამოიწვიოს და ამის გამო ვაქცინაზე უარი არ უნდა ითქვას.

ამასთან, ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ ვაქცინაციის პროცესი არ შეჩერდა, ჩიხლაძე სწორს უწოდებს.

„ვაქცინას შეიძლება იშვიათად ჰქონდეს გართულება, ისევე როგორც ანტიბიოტიკებს, ტკივილგამაყუჩებელს, როგორც ნებისმიერ სამკურნალო საშუალებას. მაგრამ იმის გამო, რომ ვიღაცას, მაგალითად, ანტიბიოტიკებზე, ანაფილაქსია განუვითარდა, არ ნიშნავს იმას, რომ ანტიბიოტიკებს ვიღებთ მოხმარებიდან, ან თუ ვინმეს ლიდოკაინზე განუვითარდა ანაფილაქსია, ამის გამო სტომატოლოგთან სიარულს არ ვწყვეტთ. იმის გამო, რომ 100 ათას შემთხვევაში 1 ან 2 გართულება შეიძლება იყოს ვაქცინაზე, არა მხოლოდ კოვიდსაწინააღმდეგოზე, არამედ სხვა ნებისმიერ აპრობირებულ და დიდი ხნის განმავლობაში გამოყენებად ვაქცინაზე, ვაქცინებზე უარას არ ვამბობთ. ამისთვის კამპანია და ინფორმირება აუცილებელია და უნდა გაგრძელდეს. ჯერჯერობით, რაც ჩანს, გადაცდომას ადგილი არ უნდა ჰქონდეს“,- განაცხადა ჩიხლაძემ.

რაც შეეხება ასეთი შემთხვევებისგან პრევენციის ზომებს, ჩიხლაძე ამბობს, რომ ანაფილაქსიური შოკისგან თავის დაზღვევის მიზნით ანამნეზის დეტალურად გამოკვლევა უნდა მოხდეს.

„ასეთი შემთხვევებისგან თავის დაზღვევის მექანიზმი არის კარგად გამოკითხული ანამნეზი, რომ პაციენტს როდესმე რაიმე ისეთი რეაქცია ან უკუჩვენება ხომ არ ჰქონდა, რომ ამის გამო სამედიცინო პერსონალმა ეჭვი მიიტანოს. როგორც წესი, კარგად შეგროვებული ანამნეზის 80-85% შემთხვევაში ვლინდება, რომ იქ რაღაც ალერგიული ფონი შეიძლება იყოს, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ პროცესს“,- განაცხადა ჩიხლაძემ.

banner
წინა სტატიაშიაჭარის ოთხ მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის პროცესი შეჩერდა
შემდეგი სტატიაფრიდონ ინჯია – მოლაპარაკება განწირული იყო