საარჩევნოდ ახალი გაერთიანება იქმნება, რომლის პარტიული ბაზისი “სტრატეგია აღმაშენებელი” და “ნაციონალური მოძრაობაა” – ჩვენ ყველა პროდასავლურ პარტიასთან კონსულტაცია გვქონდა, ყველას მივესალმებით თუ ნაბიჯს კონსოლიდაციისკენ გადადგამენ, თუმცა გაერთიანებაში შემოსვლაზე კალთებს არავის დავახეთ , – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” “სტრატეგია აღმაშენებლის” წარმომადგენელმა სერგო ჩიხლაძემ განუცხადა.
ჩიხლაძის თქმით, გაერთიანება და მძლავრი ოპოზიციური ცენტრის შექმნა საქართველოს მოქალაქეებისა და დასავლელი პარტნიორების დაკვეთაა, რაც თავის მხრივ, კვლევებით არის გამყარებული.
როგორც ჩიხლაძემ აღნიშნა, ყველა მტკიცებულება იმაზე მიუთითებს, რომ გაერთიანება სწორი გადაწყვეტილება და არჩევნებში გამარჯვების ფორმულაა.
“ეს არის ახალი ერთობა, არის ახალი პლატფორმა, რომლის ბაზისი “სტრატეგია აღმაშენებელი” და “ნაციონალური მოძრაობა” იქნება. მასში ბევრი ახალ სახეს ნახავთ. ის თუ როგორ, რა ბრენდით გავალთ არჩევნებზე, ამაზე საუბარი ჯერ შორი პერსპექტივაა, აღნიშნულ საკითხზე ერთიანი მსჯელობა გვექნება და ფორმირება მოხდება. გვეყოლება მძლავრი კონსულტანტები, უცხოელი ჯგუფები, რომლებიც გვირჩევენ, რა სჯობია სტარატეგიულად.
ამ ეტაპზე სხვა პარტიებთან კონსულტაციები არ გვაქვს, რადგან სულ 5-6 პროდასავლური ოპოზიციური პარტიაა და მათ თავიანთი პოზიციები უკვე გამოხატეს, თუმცა მათთან თანამშრიმლობა, კოორდინაცია ჩვენი მხრიდან აუცილებლად იქნება.
დაქსაქსულობა კარგი არ არის, კარგია გამსხვილება და ერთიანობა”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.