ჭიდაობის ფედერაციის ხარჯებთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურმა პროკურატურას მიმართა

ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ 2016-2017 წლებში განხორციელებული ხარჯვითი ოპერაციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა. აღნიშნულ ხარჯებთან დაკავშირებით კი, აუდიტის სამსახურმა პროკურატურას მიმართა.
როგორც “ნიუპოსტს” პროკურატურაში განუცხადეს, ხარჯებს შეისწავლიან და დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოხდება.

დასკვნაში ნათქვამია, რომ ე.წ.წამახალისებელი ვიქტორინა 2016 წლის ფალავნობაში ჩასატარებელი ღონისძიების ფარგლებში უნდა გამართულიყო, რისთვისაც ფედერაციამ 4300 ლარის ღირებულების 12 მობილური ტელეფონი შეიძინა. როგორც დასკვნაშია აღნიშნული, მობილურები შეძენილია 20 დეკემბერს, თუმცა თავად შეჯიბრება 16-17 დეკემბერს გაიმართა. „წამახალისებელი ვიქტორინა“, რომლის ფარგლებშიც გამარჯვებული მაყურებლები უნდა გამოვლენილიყვნენ საერთოდ არ გამართულა.

„2016 წლის ფალავნობაში ჩასატარებელი ღონისძიების დაფინანსების მიზნით, სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას შორის 2016 წლის 11 მარტს გაფორმებული გრანტის გაცემის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, სამინისტროში წარდგენილი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად , 2016 წლის 5 დეკემბერს ფედერაციას ჩაერიცხა 22,300 ლარი. სამინისტროში 2016 წლის დეკემბერში წარდგენილი საავანსო ანგარიშის შესაბამისად, გრანტის თანხიდან 2016 წლის 20 დეკემბერს შესყიდულია 4.300 ლარის ღირებულების 12 ცალი მობილური ტელეფონი.

ტელეფონების შესყიდვის მიზნით, ი/მ ნატო ბოჭორიშვილს 4, 300 ლარი გადაერიცხა 2016 წლის 16 დეკემბერს. სასაქონლო ზედნადები გამოწერილია 2016 წლის 23 დეკემბერს, ხოლო მიღება-ჩაბარების აქტი შედგენილია 2016 წლის 20 დეკემბერს, ფალავნობის ღონისძიება კი ჩატარდა 2016 წლის 16-17 დეკემბერს და შესაბამისად, ვიქტორინის გამართვა და გამარჯვებულების დაჯილდოება უნდა მომხდარიყო ამავე პერიოდში.

ჩამოწერის აქტის შესაბამისად, 4,300 ლარის ღირებულების საჩუქრების გამარჯვებულ მაყურებელზე გადაცემას ხელმოწერებით ადასტურებს ფედერაციის გენერალური მდივანი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ფედერაციის გენერალური მდივნისა და ვიცე-პრეზიდენტის წერილობითი განმარტებებით კი, აღნიშნულ ჩამოწერის აქტზე მათი ხელმოწერები არ არის. მოპოვებული აუდიტორული მტკიცებულებებით არ დასტურდება ვიქტორინის ჩატარების ფაქტი. არ არის განსაზღვრული ვიქტორინის თემატიკა და არ არის შემუშავებული მისი გამართვის და გამარჯვებულის გამოვლენის წესი. ჩამოწერის აქტით არ ხდება ვიქტორინაში გამარჯვებული პირების იდენტიფიცირება და შესაბამისად, არ დასტურდება მათზე ტელეფონის აპარატების გადაცემის ფაქტი. დასკვნა მოცემული ხარჯვითი ოპერაცია შეიცავს ფიქტიური ოპერაციის ნიშნებს და ზრდის თაღლითობის რისკებს”, – აღნიშნულია აუდიტის სამსახურის დასკვნაში.

banner
წინა სტატიაში„აუცილებლად უნდა დადგინდეს საერთოდ ჰქონდა თუ არა გავრცელების ფაქტს ადგილი“ – მდინარაძე ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე
შემდეგი სტატიაგაზის გაჟონვის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა