ჭიჭინაძე – ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს საკუთარ სასამართლოზე დასწრების უფლება მისცენ

ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს საკუთარ სასამართლოზე დასწრების უფლება მისცენ, რაც კანონით ეკუთვნის, თუმცა არასოდეს ვიბრძოლებ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის, – ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძეს სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ჭიჭინაძე აღნიშნავს, ოპოზიციამ ისე დაასრულა ბოიკოტი, „მგონი დატოვეს ე.წ. ჩრდილოვანი კაბინეტი გაღიმებული“.

„ადამიანები არასოდეს გამოვლენ ქუჩაში ხაზარაძის მილიონების დასაცავად! აი, ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, თუ რატომ შემცირდა ბოლო დროს პროტესტანტების რაოდენობა ქუჩაში. ანუ, დღეს, როდესაც ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა უმუშევრობაა, უმუშევრობა კი, პირველ რიგში ბანკირების და მათი არაპროფილური საქმიანობის გამოა, სულ ტყუილად აქვს ვინმეს იმის ილუზია, რომ ბევრი ხალხი გამოვა იმ ოპოზიციის მხარდასაჭერად, რომლის მთავარი აქტორები ბანკირები გახდნენ და პროტესტი შედეგიანი იქნება. თან, მით უმეტეს, რომ ახლაც ისე დაასრულეს ბოიკოტი, მგონი დატოვეს ე.წ. ჩრდილოვანი კაბინეტი გაღიმებული…

კრედიტები ძვირია, ხალხს შია, კომუნალურებს ვერ იხდიან, წამლებს ვერ ყიდულობენ, ადამიანები ვალებში იხრჩობიან და ვისაც მართლა უნდა ქვეყანას უშველოს, სწორედ ამ საკითხებზე უნდა ილაპარაკოს, ამ ბრძოლის მოწილეობა უნდა შესთავაზო მხარდამჭერებს და არა მამუკა ხაზარაძე ლიდერად, ადამიანი, რომელიც პროკურატურის პირდაპირი სადამსჯელო სტრუქტურა იყო წინა ხელისუფლების დროს და ისე გამდიდრდა „ნაციონალების“ დროს, როგორც სხვა არავინ.

(„ნაციონალები“ რომ მოვიდნენ მისი ბანკის კაპიტალი 22 მილიონი ჰქონდა, 2012 წელს უკვე 625 მილიონი – და ეს მარტო საბანკო სფერო, აღარაფერს ვამბობ არაპროფილურ საქმიანობებზე).

შესაბამისად, ეს ვითომ ოპოზიციური ერთობაც ნამდვილად არ არის ისეთი ოპოზიციის ერთიანობა, როგორც უნდათ, რომ წარმოაჩინონ, რადგან ოპოზიციის არც თუ პატარა ნაწილს, ვინც რეალურად შეარყია „ოცნების“ საძირკველი, ვინც პირველმა დაიწყო ამ სიბოროტესთან ბრძოლა, აი ასე მარტივად გამოუცხადეს, ჩვენ გადაწყვეტილებებს მივიღებთ და თქვენ გზაში დაგვეწიეთო. და თან სწორედ იმათმა, ვინც არცერთი ხელისუფლების დროს არ გამოსულა კომფორტის ზონიდან, არასოდეს უფიქრია რამის დათმობაზე ხალხის გამო.

50 დღეა ამ თემაზე შეგნებულად არ დამიძრავს სიტყვა. თუნდაც იმიტომ, რომ ვიყავი იმ ბრძოლის სოლიდარული, რომ სააკაშვილს ადამიანური სამკურნალო პირობები ჰქონოდა;

ვიყავი ელენე ხოშტარიას ღირსეული პროტესტის სოლიდარული;

ახლაც ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს საკუთარ სასამართლოზე დასწრების უფლება მისცენ, რაც კანონით ეკუთვნის. თუმცა, არასოდეს ვიბრძოლებ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის.

მაგრამ, ვიდრე ყველაფერს თავის სახელს არ დავარქმევთ, ვიდრე მართლა იდეისთვის საბრძოლველად არ დავუძახებთ ადამიანებს და არა სახელების და გვარებისთვის, მანამდე მოგვიწევს ბოროტი და უგუნური ხელისუფლების ატანა, ვისაც ერთადერთი, რაც შეუძლია ქვეყნის, სიძულვილით და დაშინებით მართვაა. არადა წინ დიდი და ცივი ზამთარია და 2022, დიდი გამოწვევების წელი”, – წერს ჭიჭინაძე.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 13 პირი
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – უნდა გამკაცრდეს ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვაც და მე პირადად გავაკონტროლებ აღსრულების პროცესს