ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომელი პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მათი კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჭიათურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მადნის გადამამუშავებელი ქარხნის მუშა, 1965 წელს დაბადებული ზ.ჩ. პოლიციელების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მათი კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს სამართალდამცველები ჭიათურაში, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მადნის გადამამუშავებელი ქარხნის ე.წ. ცდფ-ის ტერიტორიაზე მომხდარი ელექტროძრავების ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებდნენ, რა დროსაც ამავე კომპანიის თანამშრომელმა – ზ.ჩ.-მ მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

„აღნიშნული პირი არ დაემორჩილა სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას დაეცვა წესრიგი, რის გამოც იგი ადმინისტრაციული წესით ადგილზე დააკავეს“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, დაკავებული ზ.ჩ. სასამართლოშია გადაყვანილი.

გამოძიება მიმდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცველი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ან ამ პირის სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიბექა ნაცვლიშვილი დაჯარიმებული ტაქსის მძღოლებისათვის ჯარიმების გაუქმებას ითხოვს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებებს ხელი მოაწერა