ჭიაბერაშვილი: “ოცნების” საპენსიო რეფორმა უმუშევრობას გაზრდის

“ქართული ოცნების” მიერ დაანონსებული საპენსიო რეფორმა მხოლოდ დღევანდელი პენსიონერების მოტყუებას ისახავს მიზნად. ეს საპენსიო რეფორმა გაზრდის უმუშევრობას,” – ასეთია “ევროპული საქართველოს” წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ იმ საკანონმდებლო პაკეტის შეფასება, რომლის განხილვასაც პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე იწყებს.
ჭიაბერაშვილის შეფასებით, დღევანდელ პენსიონერებს, რომლებსაც უკვე მესამე წელია, არ ეზრდებათ პენსია, არსებული რეფორმა არაფერს აძლევს. დასაქმებული მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის კი, 25, 35 და თუნდაც 45 წლის განმავლობაში განსახორციელებელი შენატანის მიუხედავად, საპენსიო რეფორმა ვერ უზრუნველყოფს ე.წ. “ღირსეულ პენსიას“.
“საპენსიო რეფორმა ზრდის საგადასახადო წნეხს ბიზნესზე, რაც შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდას და გაზრდის უმუშევრობას, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, სადაც უმუშევრობის დონე ისედაც მაღალია სხვა ასაკობრივ ჯგუფებთან შედარებით. განსაკუთრებით მძიმე ტვირთად საპენსიო გადასახადი მცირე და საშუალო ბიზნესს დააწვება, რომელსაც დღეს ისედაც ძალიან უჭირს არსებული ეკონომიკური სტაგნაციის პირობებში,” – აცხაებს ჭიაბერაშვილი.
მისი თქმით, ეს რეფორმა ჩრდილში გადაიყვანს ეკონომიკის ნაწილს, რადგან დამსაქმებელი და დასაქმებული იძულებულნი გახდებიან, არაფორმალური შრომითი გარიგებები დადონ. ამან, შესაძლოა, საბიუჯეტო შემოსავლები შეამციროს კიდეც. იგი ფიქრობს, რომ მთავრობას საპენსიო რეფორმა სჭირდება არა საზოგადოების კეთილდღეობისათვის, არამედ საიმისოდ, რომ გაზრდილი ბიუროკრატიული ხარჯი საპენსიო ფონდიდან დააფინანსოს.
არ არსებობს მსგავსი საპენსიო მოდელის წარმატებული მაგალითი. ქვეყნებში, სადაც ასეთი სქემა ათწლეულების წინ შემოიღეს, დღეს მთავრობები იძულებულნი არიან, ან საპენსიო ასაკი გაზარდონ, ან საპენსიო ფონდების დანაკლისი ბიუჯეტიდან შეავსონ. როგორც წესი, ორივე მეთოდის ერთდროულად გამოყენება უწევთ, რაც ამ ქვეყნებში პოლიტიკურ მღელვარებას, ქაოსსა და ეკონომიკურ კრიზისებს იწვევს.

banner
წინა სტატიაშიგოჩა მირცხულავა: პოლიტიკური პასუხისმგებლომა არ არის მისი ჰობი – არა!
შემდეგი სტატიაარ გადასცეთ მანქანის პარკინგის სამსახურებრივი საშვი ოჯახის წევრებს – კალაძე თანამშრომლებს