ჩერნოვეცკის ფონდი „თურქული პანსიონების“ ფუნქციონირების შესახებ

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდმა ინიციატივით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს აჭარაში უკანონოდ მოქმედი „თურქული პანსიონების“ ფუნქციონირების საკითხის დარეგულირების შესახებ.
„დღესდღეობით, აჭარის რეგიონში ფუნქციონირებს ათობით აბსოლუტურად უკონტროლო და არალეგალური მედრესე, რომელიც საზოგადოებაში თურქული პანსიონების სახელით არის ცნობილი, სადაც განათლებას 800-ზე მეტი ბავშვი იღებს….ამ ბავშვების მშობლები, რომელთა 80%-ზე მეტი ღატაკია, მიმართავენ ადგილობრივ რელიგიურ ლიდერს და სთხოვენ მას ბავშვები ასეთი პანსიონების მზრუნველობის ქვეშ აიყვანოს, რადგან არ შეუძლიათ თავად უზრუნველყონ შვილები სამოსით, საკვებით თუ სხვა ყოველდღიური მოხმარების საგნებით“, – ნათქვამია მიმართვაში.
ჩერნოვეცკის ფონდის ინფორმაციით, „თურქულ პანსიონებს“ ლიცენზია არ გააჩნიათ და ყველა მათგანი მოქმედებს მკაცრ რელიგიურ საწყისებზე. იქ ირღვევა ბავშვის უფლებები, რადგან აღსაზრდელებს არ აქვთ თავისუფლად ცხოვრების და ჩაცმის უფლება, არ აქვთ წვდომა ინტერნეტთან, ხოლო მშობლების მონახულება 2 კვირაში მხოლოდ ერთხელ შეუძლიათ.
ჩერნოვეცკის ფონდი მზადაა სახელმწიფოს კონტროლითა და მეთვალყურეობით დააფუძნოს ლიცენზირებული მცირე საოჯახო ტიპის სახლები, რომლებიც კონკურენციას გაუწევენ უკვე არსებულ უკონტროლო მედრესე-პანსიონებს.
„ჩვენ მზად ვართ საერთო ძალებით ავაშენოთ მაღალმთიან აჭარაში ლიცენზირებული მცირე საოჯახო ტიპის სახლები და გავუწიოთ კონკურენცია იქ არსებულ „თურქულ პანსიონებს“. ჩვენ მზად ვართ დავაფინანსოთ იმდენი მცირე საოჯახო ტიპის სახლი, რამდენიც საჭიროა პრობლემის მოსაგვარებლად“, – ნათქვამია მიმართვაში.

გთავაზობთ მიმართვის სრულ ტექსტს:
მოცემული დოკუმენტი გახლავთ ჩერნოვეცკის ფონდის მიერ გაკეთებული შეთავაზება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსადმი, რომელიც ეხება ახალი საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების დაფუძნებას, რათა გადავარჩინოთ აჭარის მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მშიერი ბავშვები და ის პატარები, რომლებიც იმყოფებიან ულიცენზიო ბავშვთა სახლების(პანსიონების) მზრუნველობის ქვეშ. ეს პანსიონები საზოგადოებაში „თურქული პანსიონების“ სახელით არის ცნობილი.
ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამ სტრატეგიის დამტკიცების შემთხვევაში, გადაიდგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯები ბავშვებისა და ქვეყნის ინტერესების საკეთილდღეოდ.
ამ ინიციატივით ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი მიმართავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს: ჩვენ მზად ვართ სრული პასუხისმგებლობა ავიღოთ სახელმწიფოსთან ერთად და გადავჭრათ ეს ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პრობლემა, ვინაიდან იგი ეხება არა მხოლოდ კანონის აღსრულებას, არამედ მომავალი თაობების, ამ ქვეყნის მოქალაქეების სწორ აღზრდას, რათა ისინი იზრდებოდნენ თანამედროვე ევროპულ საცხოვრებელ პირობებში, იზრდებოდნენ ეროვნულ საწყისებზე და მათი აღზრდით დაკავებულნი იყვნენ სამინისტროს მიერ შემოწმებული და ლიცენზირებული აღმზრდელები.

🔹 დღევანდელი მდგომარეობა, რა ვიცით ამ უკანონო პანსიონების შესახებ:
დღესდღეობით, აჭარის რეგიონში ფუნქციონირებს ათობით აბსოლუტურად უკონტროლო და არალეგალური მედრესე, რომელიც საზოგადოებაში თურქული პანსიონების სახელით არის ცნობილი, სადაც განათლებას 800-ზე მეტი ბავშვი იღებს. არაოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, აჭარაში 22 არალეგალურად მოქმედი რელიგიური პანსიონია, ხულოს მუნიციპალიტეტში – 9, მათგან 3 დაბა ხულოშია, ასევე, დასახლებებში – ხიხაძრსა და ხალთაში, მსგავსი პანსიონებია. აგრეთვე, ბათუმში, ქობულეთსა და ჩაქვში.

🔹 ბავშვები უფლებების გარეშე
აბსოლუტურად ყველა ეს სახლი მოქმედებს მკაცრ რელიგიურ საწყისებზე, სადაც ირღვევა ბავშვის უფლებები. აღსაზრდელებს არ აქვთ თავისუფლად ცხოვრების და ჩაცმის უფლება, არ აქვთ წვდომა ინტერნეტთან, ხოლო მშობლების მონახულების უფლებაც მხოლოდ 2 კვირაში ერთხელ აქვთ.

ბავშვები იღვიძებენ დილის 5 საათზე და იწყებენ ლოცვას, რაც შეიძლება გავათანაბროთ ფიზიკური გაუპატიურების აქტთან, რადგან არსად მსოფლიოში ბავშვები ძალდატანებით არ ხდებიან რელიგიის მიმდევრები. ყოველ შემთხვევაში, არა იმ საშინელი პროცედურების გამოყენებით, რომლებიც ამ მლოცველთა სახლებშია დანერგილი!
როგორ ხდება ბავშვების პანსიონებში განაწილება: ამ ბავშვების მშობლები, რომელთა 80%-ზე მეტი ღატაკია, მიმართავენ ადგილობრივ რელიგიურ ლიდერს და სთხოვენ მას ბავშვები ასეთი პანსიონების მზრუნველობის ქვეშ აიყვანოს, რადგან არ შეუძლიათ თავად უზრუნველყონ შვილები სამოსით, საკვებით თუ სხვა ელემენტარული ყოველდღიური ყოველდღიური მოხმარების საგნებით. მშობლების უმრავლესობას ესმის, რომ ეს მათი მხრიდან სწორი ქმედება არ არის, მაგრამ სხვა გამოსავალი არ აქვთ. სხვა შემთხვევაში – მათი შვილები შიმშილით დაიხოცებიან. ასევე, უნდა გვესმოდეს, რომ ის 20% რომელიც შვილებს ამ პანსიონებში უშვებს, აკეთებს ამას არა მხოლოდ საკვების გამო, არამედ რელიგიის გამოც.

🔹 გასაიდუმლოებული დაფინანსება

არ არსებობს დოკუმენტი, სადაც ჩანს თუ საიდან ფინანსდება საქართველოში ბავშვების აღზრდა მედრესეებსა და პანსიონებში. არცერთი მუფთი ან სხვა რელიგიური ლიდერი ბათუმიდან, ხულოდან თუ ქობულეთიდან, ასევე, ამ პანსიონების დირექტორები არ მიუთითებენ შემოსაცვლის წყაროს. აქ საუბარი ძალიან დიდ ფულზე – ყოველთვიურად ასობით ათას ლარზე, წელიწადში – მილიონებზე. ვინ არის ამ ყველაფრის სპონსორი და როგორ აღწევს ეს თანხები პანსიონებამდე, რატომ იმალება ეს ყოველივე? აი, ეს გახლავთ უმნიშვნელოვანესი გამოსაძიებელი საკითხი.

🔹 აღმზრდელების ანონიმურობა
პანსიონებში აღმზრდელების ვინაობა გასაიდუმლოებულია, არც ჩვენ ვიცით და არც ოფიციალურმა სტრუქტურებმა არ იციან, ვინ ზრდის ქართველ 800 ბავშვს. ეს ინფორმაცია არსად მოიპოვება: არც დოკუმენტებში, არც ინტერნეტში, უბრალოდ არავინ ამბობს ამის შესახებ.
იქნებ ეს აღმზრდელები კრიმინალები არიან, ან რელიგიური ექსტრემისტები, ან ფსიქოლოგიურად ავადმყოფი ადამიანები, პედოფილები? რას ასწავლიან ისინი ბავშვებს ყოველდღიურად, რა პროგრამა აქვთ და რა მიზნები ამოძრავებთ?
საქართველოს ბავშვთა მოვლის შესახებ კანონის თანახმად, ასეთი ტიპის დაწესებულებებს სჭირდებათ ან აღმზრდელობითი ლიცენზია, რომელსაც გასცემს ჯანდაცვის სამინისტრო, ან სკოლა-პანსიონის დაფუძნების უფლების ლიცენზია, რომელსაც ასევე, გასცემს ჯანდაცვის სამინისტრო.
ათობით სახლს არცერთი ტიპის ლიცენზია არ გააჩნია. ეს სახლები უკვე დაახლოებით 10 წელია, რაც ფუნქციონირებენ და მიუხედავად 2012 წელს მიღებული კანონისა, რელიგიური მოტივის შესახებ (რომელიც სინამდვილეში არ გახლავთ არავითარი ფაქტორი), ისინი უარს აცხადებენ ლიცენზირების პროცედურის გავლაზე, რათა სახელმწიფო აღრიცხვაზე დადგნენ.
ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს ქვეყნისთვის უკიდურესად მძიმე და მნიშვნელოვანი საკითხია და გამოვდივართ ინიციატივით სახელმწიფოსთან ერთად, კანონის სრული დაცვით გადავჭრათ ეს უდიდესი პრობლემა.

🔹 ჩერნოვეცკის ფონდის შესახებ
ჩერნოვეცკის ფონდი დაფუძნდა 2012 წლის აპრილში და ამ დრომდე აქტიურად არის ჩართული საქართველოში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში. ჩვენ ვმართავთ 3 მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლს, რომლებიც აკმაყოფილებენ ევროპულ სტანდარტებს. ერთი მათგანი მდებარეობს თბილისში, დანარჩენი 2 – ქობულეთში. ის შედეგი, რომელიც ჩვენ იქ მივაღწიეთ, სიამაყის საბაბს გვაძლევს და ამის მაგალითი თავად ჩვენი ბავშვები.
ჩერნოვეცკის ფონდმა პირველი მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი გახსნა თბილისში 2013 წელს, ის დღემდე აქტიურად და წარმატებით ფუნქციონირებს. სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ეს გახლავთ სამაგალითო სახლი და ის პროგრესი, რომელიც ჩვენმა აღმზრდელებმა გაიარეს ამ წლების მანძილზე, საგრძნობლად შესამჩნევია.
ამის შემდეგ გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის პანსიონი გავხსენით ქობულეთში, მისი გახსნისთვის 2 მიზეზი გქონდა:

1. უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების დიდი ნაკადი, რომლებმაც მოგვმართეს თავიანთი გასაჭირით: მათ შვილებს არ შეეძლოთ სკოლაში სიარული, ოჯახი ვერ ატარებდა მათ სასწავლო დაწესებულებაში, რადგან ბავშვებს არ ჰქონდათ ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, საკვები და სკოლები იმდენად შორს მდებარეობდა მათი საცხოვრებელი სახლებიდან, რომ პატარები განათლების გარეშე რჩებოდნენ და მთელ დღეებს ქუჩაში ატარებდნენ.
2. მეორე და უფრო მასშტაბური მიზეზი გახლავთ ის, რომ ჩვენ დილემის წინაშე აღმოვჩნდით, რადგან იმ შემთხვევაში თუ პანსიონს არ გავხსნიდით, ეს ბავშები პოტენციურად მიაკითხავდნენ მედრესეებს, იცხოვრებდნენ იქ. მათი მშობლები ჩვენთან პირისპირ საუბარში აღიარებდნენ, რომ ეს იქნებოდა მათ მიმართ უსამართლობა და საშიში მომენტი – შესაბამისად, მივიღეთ ყველაზე ჰუმანური და სწორი გადაწყვეტილება იმ მომენტისთვის – უმოკლეს ვადაში, 1 თვეში გავხსენით უმაღლესი სტანდარტების მქონე პანსიონი.
ჩვენი ფონდის ერთ-ერთი პროექტია სოციალურად დაუცველი მოხუცების შინმოვლის პროგრამა – ეს ყველაზე დიდი პროექტია საქართველოში, რომლის ფარგლებშიც ყოველდღიურად ვემსახურებით 400 ბენეფიციარს.
ასევე გვაქვს უფასო კვების პროექტი სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის. ყოველდღიურად ვაპურებთ თბილისსა და ქუთაისში მცხოვრებ გაჭირვებულ მოქალაქეებს.
დღეისათვის, ჩერნოვეცკის ფონდი გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მასშტაბური ორგანიზაცია საქართველოში, რომელმაც 6-წლიანი მუშაობის მანძილზე, ნაბიჯ-ნაბიჯ დაამტკიცა ფონდის ადმინისტრაციის სერიოზული დამოკიდებულება საკუთარი პროექტების მიმართ და პროფესიონალიზმი, რომელიც ყველა ჩვენს მიერ განხორციელებულ პროექტში შესამჩნევია – დაწყებული ბავშვთა პროექტებით, დასრულებული მოხუცების დასახმარებელი პროექტებით.
დაარსებიდან დღემდე ჩერნოვეცკის ფონდმა ქველმოქმედებაზე 9 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა და მზადაა სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის შემთხვევაში დახმარების ოდენობა გაზარდოს და მოცემული პრობლემა სრულად გადაჭრას. ჩვენს ფონდში ფინანსურ აუდიტს მსოფლიოს სამეულში არსებული სააუდიტორო კომპანიები ატარებენ და ყველა ჩვენი შემოწირულობა და ხარჯი, თითოეული ლარი არის აბსოლუტურად გამჭვირვალე ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

🔹 ჩერნოვეცკის ფონდის შეთავაზება
2018 წლის 1 სექტემბრიდან ძალაში შედის კანონი, რომელიც კრძალავს უკანონო დაწესებულებების ფუნქციონირებას და პირველ ჯერზე ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება 3000 ლარით, კანონის მეორედ დარღვევის შემთხვევაში, უკვე გათვალისწინებულია დამრღვევი პირის (პირების) სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა.
ამ ბავშვთა სახლების გაურკვეველი მმართველები არ აპირებენ ამ კანონს დაემორჩილონ და განაგრძობენ მუშაობას ლიცენზიის გარეშე. კერძოდ, ისინი ღრმად არიან დარწმუნებულნი იმაში, რომ სახელწიფო ვერ შეძლებს მათი მმართველობის ქვეშ მყოფი უკანონოდ გახსნილი პანსიონების დახურვის საკითხის გაკონტროლებას და ისინი მუშაობას გააგრძელებენ. ისინი იმედოვნებენ, რომ ჩართავენ არასამთავრობო სექტორს და არსებულ პრობლემას წარმოაჩენენ ისე, თითქოს ეს კანონი მიზნად ისახავს მუსულმანური თემის შევიწროებას.
ჩერნოვეცკის ფონდი მზადაა სახელმწიფოს კონტროლითა და მეთვალყურეობით დააფუძნოს ლიცენზირებული ნცირე საოჯახო ტიპის სახლები, რომლებიც კონკურენციას გაუწევენ უკვე არსებულ უკონტროლო მედრესე-პანსიონებს. უკეთესი პირობების წყალობით, ჩვენ შევძლებთ ბავშვების ნაწილი ჩვენს სახლებში გადმოვიყვანოთ, მეორე ნაწილი კი, თუ სახელმწიფო ჩათვლის საჭიროდ, ბავშვებს ბიოლოგიურ ოჯახებს დაუბრუნებს.
ჩერნოვეცკის ფონდი კატეგორიულად აპროტესტებს სახელმწიფოს პოლიტიკას, რომელიც ითვალისწინებს ყველა მცირე საოჯახო ტიპის სახლის დახურვას. საუბარი იმაზე, რომ საქართველოს მსგავსი ტიპის სახლები არ სჭირდება, არასწორია. ჩვენ ვხედავთ უკიდურეს სიღატაკესა და გაჭირვებას და ბავშვებს, რომლებიც საკმარის საკვებს ვერ იღებენ, ასევე, ვერ დადიან სკოლაში და ვერ იღებენ განათლებას.
„იუნისეფის“ დასკვნის თანახმად, სიღარიბის ზღვარს მიღმა საქართველოში დღეს 182 000 ბავშვი ცხოვრობს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მინიმუმ 180 000 ბავშვს ესაჭიროება ჩვენი დაუყოვნებლივი დახმარება და ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ აუცილებელია სახელმწიფომ ბავშვების მიმართულებით გატარებულ პოლიტიკას გადახედოს.
მიუხედავად კარდინალურად განსხვავებული მოსაზრებებისა, ჩვენ მზად ვართ საერთო ძალებით ავაშენოთ მაღალმთიან აჭარაში ლიცენზირებული მცირე საოჯახო ტიპის სახლები და და გავუწიოთ კონკურენცია იქ არსებულ „თურქულ პანსიონებს“. ჩვენ მზად ვართ დავაფინანსოთ იმდენი მცირე საოჯახო ტიპის სახლი, რამდენიც საჭიროა პრობლემის მოსაგვარებლად.
მზად ვართ შევქმნათ 5-ჯერ უფრო უკეთესი საცხოვრებელი და საგანმანათლებლო პირობები, რათა ამ ბავშვების მშობლებს მიეცეთ მოტივაცია , რომ შვილებმა ჩვენთან ისწავლონ. ამავე დროს, ჯანდაცვის სამინისტრომ შესაბამის უწყებებთან ერთად უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ბავშვების ჩვენთან გადმოსვლის შემდეგ იმ არალეგალური სახლებში დარჩენილი „ცარიელი ადგილები“ ახალი „მსხვერპლით“ არ შეივსის.
ჩვენ მზად ვართ დაუყოვნებლივ მოვამზადოთ პირველი 2 ბავშვთა სახლი, რათა 2018 წლის შემოდგომიდან მშობლებს, რომლებსაც შვილების მოვლის საშუალება არ აქვთ, სახელმწიფომ შესთავაზოს ალტერნატიული ვარიანტი – გადმოიყვანონ შვილები ჩვენს ლიცენზირებულ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მოქმედი კანონის შესაბამისად.
მზად ვართ ნებისმიერი ფორმატის მოლაპარაკებებისთვის და ჯანდაცვის სამინისტროს თანხმობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დავიწყებთ სამუშაო გეგმაზე მუშაობას და ვიზრუნებთ პირველი ლიცენზირებული საოჯახო ტიპის სახლის გახსნაზე, რომელიც იფუნქციონირებს მაღალმთიან აჭარაში.

ჩერნოვეცკის ფონდი

banner
წინა სტატიაშითამარ ხულორდავა : საქართველოს ნატო-სთან ურთიერთობების გზაზე დიდი პროგრესი აქვს, რაც რუსეთს აღიზიანებს
შემდეგი სტატიასუს-ი ISIS-ის ქართული დაჯგუფების მუქარისშემცველ ვიდეოზე – ვიდეოს შესახებ ჩვენთვის ცნობილი იყო, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები