პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პაატა ბურჭულაძის განცხადებას ეხმაურება და ოპოზიციურ სპექტრს პოლიტიკური სტრატეგიის შესახებ სამ რჩევას უზიარებს.
ჩერგოლეიშვილი აღნიშნავს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ილუზიების ნაცვლად ხალხის რეალურ პრობლემებზე უნდა გაამახვილონ ყურადღება:
„1. გაიგეთ რა პრობლემები აწუხებს ხალხს, როგორც ეროვნულად, ისე ადგილობრივად – რეგიონების მიხედვით! და ილაპარაკეთ ამ პრობლემებზე საკუთარი ილუზიების ნაცვლად;
2. დასხედით სხვა პარტიებთან დებატებზე, რომ ხალხმა უკეთ გაიგოს თქვენი ხედვა – როგორ აგვარებთ მათ პრობლემებს და როგორ აპირებთ ქვეყნის მართვას, უძლებს თუ არა თქვენი ხედვა ოპონენტების კრიტიკას;
3. კამპანია ატარეთ არჩევნებიდან არჩევნებამდე და არა არჩევნების წინა სამი თვე – ატარეთ რეალური მხარდამჭერებით და არა ნაქირავები ჟულიკებით.
ეს სამი რჩევა გეყოფათ დასაწყისისთვის, მაგრამ მთავარი არის ერთი – ყველა საკუთარ პარტიაში დაეტიეთ, ჩვენთან თუ რამე საქმე გაქვთ – დებატებში დაგვიჯექით…“ — წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
ცნობისთვის, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში წერს: „საქართველოს მოქალაქეებმა 4 ოქტომბერს ჩავატარეთ „ოცნების“ „გადარჩევნები“, ჩვენ ისინი გადავირჩიეთ, ხოლო არჩევნების ჩატარება პოლიტიკოსებმა უნდა უზრუნველყონ“.








