ჩემზე თავდასხმა არ იყო პოლიტიკური ანგარიშსწორება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 7, 2016 18:05

ჩემზე თავდასხმა არ იყო პოლიტიკური ანგარიშსწორება

aleqsi petriashviliჩემზე თავდასხმა არ იყო პოლიტიკური ანგარიშსწორება, – ასეთი კომენტარი გააკეთა სასამართლოში ალექსი პეტრიაშვილმა დაზარალებულის სტატუსით დაკითხვის შემდეგ.

“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა სასამართლოს ჩვენება 2016 წლის 26 თებერვალს მომხდარი თავდამსხმის დეტალებზე მისცა. მისი ჩვენებით, თავდამსხმელები სხვისი დავალებით მოქმედებდნენ და პირადად არცერთ მათგანს არ იცნობს.

პეტრიაშვილის განცხადებით, 26 თებერვალს მისი შვილის ნათლიის და მეგობრის, ლევან მიქელაძის საფლავზე მივიდა, სადაც გარდაცვლილის 3 მეგობარი დახვდა.

“მათ ვესაუბრებოდი. დავინახე საფლავისაკენ სწრაფად მომავალი მაღალი პიროვნება. თავიდან მეგონა ისიც საფლავზე მოდიოდა. ზურგით ვიყავი და ვესაუბრებოდი მიქელაძის მეგობრებს. ამ პიროვნებამ შემატრიალა და სახეში და თავში დამარტყა მუშტი. დავკარგე წონასწორობა და დავეცი. სამი ადამიანიდან ერთ-ერთი კახა საკანდელიძე შეეცადა ჩემს დახმარებას. ამ დროს ჩნდება მეორე პიროვნება, უფრო დაბალი ტანის, სპორტული აღნაგობის, შენიღბული. იღებს იარაღს და უშვერს სამივე იქ მყოფს და ეუბნება, რომ არ გაინძრნენ. ჩემი წაქცევის შემდეგ პირველმა თავდამსხმელმა ამოიღო ჩაქუჩი და სახის მიმართულებით დამიწყო დარტყმა. ხელები ავიფარე და ხელებზე მხვდებოდა. ხელები დამისისხლიანდა. შემდეგ ჩაქუჩი საფეთქელში ჩამარტყა. მეორე თავდამსხმელმა, მას შემდეგ რაც 3 ადამიანი გაანეიტრალა, იარაღით წელს ქვემოთ 7 ტყვია მესროლა. პირველი დავდამსხმელი კი ფეხებს მიკავებდა. იარაღიანმა შემდეგ ბეისბოლის “ბიტა” ამოიღო ქურთუკიდან და სახეში მირტყამდა, პირველი თავდამსხმელი კი სახეში ჩაქუჩის ჩარტყმას აგრძელებდა”, -განაცხადა პეტრიაშვილმა და აღნიშნა, რომ მათგან ერთ-ერთი განსასჯელი ლევან მექვაბიშვილია, რომელიც საფლავზე პირველად ნახა.

მისი თქმით, მეორე თავდამსხმელსაც არ იცნობდა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 7, 2016 18:05