ჩემზე, როგორც ოთხფეხა მელიაზე, ისე ნადირობენ-მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია გენერალურ პროკურატურაში ადვოკატთან ერთად მივიდა. საგამოძიებო უწყებამ ის აღკვეთის ღონისძიების დარღვევის მოტივით, გაფრთხილების მიზნით დაიბარა.

მელია უწყებაში დაბარებასა და საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას ხელისუფლების ზეწოლის გაგრძელებად აფასებს და აცხადებს, რომ მას აღკვეთის ღონისძიების პირობები არ დაურღვევია.

მელიას თქმით, სასამართლოში დაკისრებული ვალდებულებების ფარგლებში, მან გააფრთხილა პროკურატურა, რომ აპირებდა ტელეეთერში მისვლას, რაზეც უარი მიიღო. თუმცა, ნიკა მელია ტელეეთერში მაინც წავიდა. როგორც მან განმარტა, გამოიყენა კონსტიტუციით მინიჭებული უფლება, რაც მისი თქმით, დეპუტატის საქმიანობის ფარგლებში, მედიასთან ურთიერთობასაც ითვალისწინებს.

“თუ კანონი დავარღვიე, ოთხი დღე რას ფიქრობდნენ? თავადაც იციან, რომ კანონდარღვევა აქ არ არის და ჩიხში მოიქციეს თავი. სამაჯური გავიკეთე შეგნებულად. სახლში დავიყენე აპარატურა, გირაო შევიტანე, პასპორტები ჩამომართვეს. ეს ყველაფერი გავაკეთე, რათა არ ეთქვათ, რომ არ ვასრულებ რამეს. იმ კაცმა, ამ მთის იქით რომ ცხოვრობს, მაგიდას ჩამოარტყა ხელი და თქვა, რომ ეს მელია დააბით სახლშიო. მართლა, როგორც ოთხფეხა მელიაზე, ისე ნადირობენ. შეზღუდვას არ დავიწესებ, კანონს და კონსტიტუციას არ დავარღვევ”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

პროკურატურასთან ნიკა მელიას მხარდასაჭერად „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რომლებიც აცხადებენ, რომ მელია ხელისუფლებისგან პოლიტიკურად იდევნება და დღეს საგამოძიებო უწყებაში დაბარების მოტივიც ამის დადასტურებაა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დღეს დაიბარეს.

banner
წინა სტატიაშიკარგია,თუ ყველა ერთის წინააღმდეგ გაერთიანდება-გოცირიძე
შემდეგი სტატიახობში მამაკაცი ტრაქტორის ქვეშ მოყვა და გარდაიცვალა