ჩემთვის პატივია გმირ კიევში ყოფნა, მინდა, მადლიერება გამოვხატო რუსლან სტეფანჩუკისადმი, რომელიც მასპინძლობს ჩვენს საპარლამენტო დელეგაციას მიმდინარე ომისა და ყოველდღიური დაბომბვების მიუხედავად – პაპუაშვილი

ჩვენ ვსტუმრობთ მეგობრებს მოძმე უკრაინაში, რათა დავადასტუროთ ჩვენი ძლიერი და ერთიანი მხარდაჭერა უკრაინისადმი. სხვაგვარად ვერ მოვიქცეოდით, რადგან ჩვენი ხალხი ძალიან ახლოა ერთმანეთთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უკრაინის უმაღლეს რადაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციისა და უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, რუსეთმა უნდა დაასრულოს ომი, პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და უკრაინელი ხალხის არჩევანს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა უკრაინელ კოლეგას მიმდინარე ომისა და ყოველდღიური დაბომბვების მიუხედავად მასპინძლობისთვის.

„ჩემთვის პატივია გმირ კიევში ყოფნა. მინდა, მადლიერება გამოვხატო ჩემი კოლეგა რუსლან სტეფანჩუკისადმი, რომელიც მასპინძლობს ჩვენს საპარლამენტო დელეგაციას უმაღლეს რადაში, მიუხედავად მიმდინარე ომისა და ყოველდღიური დაბომბვებისა. ჩვენ ვსტუმრობთ მეგობრებს მოძმე უკრაინაში, რათა დავადასტუროთ ჩვენი ძლიერი და ერთიანი მხარდაჭერა უკრაინისადმი. სხვაგვარად ვერ მოვიქცეოდით, რადგან ჩვენი ხალხი ძალიან ახლოა ერთმანეთთან. ჩვენი კულტურა, ისტორია, მეგობრობა არის ის, რაც გვაძლიერებს და გვაერთიანებს. ეს არის ის, რასაც ორივე – უკრაინაც და საქართველოც აფასებს. ჩვენ, ქართველები გაერთიანებული ჩამოვედით კიევში, რათა მივუსამძიმროთ დაღუპულების ოჯახებს, მივუსამძიმროთ და გავიზიაროთ მათი ტკივილი ვინც იტანჯებოდა და დავდგეთ უკრაინელი ერის გვერდით. სიტყვებით ვერ აღწერ იმ სურათებს, რომელიც ჩვენ ვიხილეთ შორიდან და ახლა გვექნება საშუალება, ჩვენი თვალითაც ვნახოთ. ვგულისხმობ სურათებს ბუჩადან, ირპენიდან, ბოროდიანკადან, კრამატორსკიდან. ამ სისასტიკის შესახებ მთელმა მსოფლიო შეიტყო. თუმცა, არის კიდევ ბევრი ქალაქი, რომელსაც იგივე ბედი ეწია და ბევრი ისტორია ჯერ ცნობილი არ არის. რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს ომი, პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და პატივი სცეს უკრაინელი ხალხის არჩევანს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში დღეს დაღუპული კიდევ 2 ქართველი მებრძოლის ვინაობა ცნობილია
შემდეგი სტატიაგერმანია უკრაინის დასახმარებლად საგარეო სამხედრო მხარდაჭერის ფონდს 2 მილიარდ ევრომდე გაზრდის