ჩემთვის და ობიექტურადაც, სასაცილო და სახარხარო თემაა, რომ თითქოს, ბიძინა ივანიშვილს ოთხი მილიონი გაუჭირდა

ჩემთვის და ობიექტურადაც, სასაცილო და სახარხარო თემაა, რომ თითქოს, ბიძინა ივანიშვილს ოთხი მილიონი გაუჭირდა და ვიღაც ზაზა ოქუაშვილს უთხრა, პარტია დამიფინანსეო, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პირველი არხის გადაცემაში „მოამბე – დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს კაცი ცდილობს, ბინძური მეთოდებით ყურადღება სხვა რამეზე გადაგვატანინოს, მაგრამ ჩემი ყურადღება არაფერზე გადადის. გამოძიება მიდის და ის თავის სიტყვას იტყვის. მას 2014 და 2015 წელს შეღავათები გაუწიეს. რატომ?! იმიტომ, რომ ბიზნესი არ წაქცეულიყო და პატარა დავალიანებისთვის დიდი კომპანია არ დამხრჩვალიყო. ეს არის ჩვენი ხელისუფლების ხელწერა. რომ ამბობს, 2016 წელს დამაყაჩაღესო, 2016 წელს მის ქონებას ყადაღა დაედო“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, ზაზა ოქუაშვილის განცხადებები წინასაარჩევნოდ გაკეთებული განცხადებებია იმ კაცისა, რომელსაც ხალხის ჯიბის ვალი აქვს 50 მილიონზე მეტი.

„სახელმწიფო ბიუჯეტი და ხაზინა არის ერთი დიდი ჯიბე ხალხისა, რომელსაც საკმაოდ მძიმე სოციალური ფონი აქვს. ამ კაცს სწორედ ამ ხალხის ჯიბის ვალი აქვს და გადახდაზე უარს ამბობს. დღეს 2016 წლის აპრილის დოკუმენტებს აქვეყნებს და ამით გვეუბნება, რომ თურმე, ის ამბავი, რაზეც დღეს ჩივის, ორ წელიწადნახევარზე მეტი ხნის განმავლობაში აქვს შენახული“, – განაცხადა წულუკიანმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ უნდა წარიმართოს გამოძიება ზაზა ოქუაშვილის გუშინდელ განცხადებებთან დაკავშირებით ისე, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით არანაირი კითხვა თუ ეჭვი არ დარჩეს, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ გამოძიება კანონის სრული დაცვით, მიუკერძოებლად და სამართლიანად უნდა წარიმართოს და მანამ, სანამ გამოძიება თავის სიტყვას იტყვის, ეს განცხადებები, რაც არ უნდა ხმაურიანი და რეზონანსული იყოს, ცარიელ განცხადებებად რჩება.

banner
წინა სტატიაშიაზნავურის დაკრძალვის დღე სომხეთში გლოვის დღედ გამოცხადდა
შემდეგი სტატიაფარცხალაძეს შიში ვის უნდა ჰქონოდა?!