„ჩემს თვალში, სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობის თვალში, ლაშა გოგია არის მექრთამე,” – მურთაზ ზოდელავა

ოპოზიცია, ზუგდიდის ყოფილი მერს, ლაშა გოგიას “მექრთამეს” უწოდებს. როგორც მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლები აცხადებენ, კორუფციაში მხილებული ყოფილი მერის პარტიულ თანამდებობაზე დატოვება, მოსახლეობისთვის კიდევ ერთხელ თვალში ნაცრის შეყრაა.

„ჩემს თვალში, სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობის თვალში, ლაშა გოგია არის მექრთამე, ჩასვრილი ადამიანი და ეს ადამიანი დატოვეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ და ფერი ფერსაო, როგორც იტყვიან. რაც არის პარტია, ის არის მისი თავმჯდომარეც. ივანიშვილის კონკრეტული გადაწყვეტილებაა და ივანიშვილის სახე არის ლაშა გოგია,“ – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, მურთაზ ზოდელავამ.

საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ საქმე კორუფციულ გარიგებებს ეხება.

„ცალსახაა, რომ საქმე გვაქვს კორუფციასთან. ფაქტი ის არის, რომ დღეს არა მხოლოდ ზუგდიდის მერია ჩასვრილი, როგორც თვითონ ამბობს, არამედ მთლიანად “ქართული ოცნებაა” ჩასვრილი მას შემდეგ, რაც ესეთი რეალობა შემოგვთავაზა. კორუფციაში ეჭვმიტანილი ადამიანი გადადგა თანამდებობიდან და მას ჩააბარეს საარჩევნო შტაბი და ახლა უნდა გაამარჯვებინოს არჩევნებში სალომე ზურაბიშვილს?“ – ამბობს ბაჩუკი ქარდავა.

banner
წინა სტატიაშიარასრულწლოვან მსჯავრდებულებს ქართველმა მწერლებმა სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს
შემდეგი სტატია22 ოქტომბერი კვლავ არის რეფერენდუმი საქართველოსთვის