ჩემს თვალში მართლა გაიზრდებოდით და დაგაფასებდით თუ იტყოდით, რომ არასწორად გამოგივიდათ – ამ განცხადებამ ძალიან გააფუჭა უკრაინასთან ურთიერთობა – ელისაშვილი პრემიერს სანქციებთან დაკავშირებით

თქვენი განცხადება სანქციებთან დაკავშირებით იყო ძალიან დიდი შეცდომა, ჩემს თვალში მართლა გაიზრდებოდით და დაგაფასებდით თუ იტყოდით, რომ არასწორად გამოგივიდათ. ამ განცხადებამ ძალიან გააფუჭა უკრაინასთან ურთიერთობა, არ ხართ რიგითი კაცი, პრემიერ-მინისტრი ხართ და ქვეყანაზე გაქვთ პასუხისმგებლობა, – ასე მიმართა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პრემიერს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

ელისაშვილმა პრემიერ-მინისტრს კიევში ჩასვლისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ „შეგვიძლია უკრაინას შესაბამისი შეიარაღება მივცეთ“.

„შეცდომის აღიარება, ჩემი აზრით, არის ყველაზე დიდი ღირსება, ეს სისუსტე კი არ არის, პირიქით, ძალიან ღირსეულად წარმოგვაჩენს. ძალიან დაგვიანდა, მაგრამ „სჯობს გვიან ვიდრე არასდროს“, რომ ჩახვიდეთ კიევში და მხარში დაუდგეთ ჩვენს თავგანწირულ მეგობრებს, რომლებიც უთანასწორო ბრძოლაში არიან ჩაბმული და ძალიან მტკიცედ იბრძვიან, მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარების ჩვენება არ არის საკმარისი. ჩემი აზრით, ზედმეტად ფრთხილობთ და არ გინდათ გააღიზიანოთ რუსეთი, მაგრამ თქვენ რაც არ უნდა ქნათ და რაც არ უნდა გააკეთოთ, თუ რუსეთი გადაწყვეტს, რომ დაგვჩაგროს, ამ აზრს პუტინს ვერავინ შეაცვლევინებს. ამდენად, ხელიდან ვუშვებთ ძალიან დიდ შესაძლებლობას, რომ ჩვენს მეგობრებს მივცეთ შესაბამისი შეიარაღება და ჩვენც მივიღოთ დასავლური შეიარაღება. სულ მცირე, შეგვიძლია მივაწოდოთ არალეტალური რამ – ჩაფხუტები და ჯავშანჟილეტები. ამით ვინ ან როგორ უნდა გაღიზიანდეს, არ აღიზიანებთ იმიტომ, რომ სუსტები ვართ? და რატომ ვართ ასეთი სუსტები? თუ სახელმწიფო ვართ, ნებისმიერი მოვლენისთვის უნდა ვიყოთ მზად“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდნეპროპეტროვსკში რუსების სარაკეტო თავდასხმას 10 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 35
შემდეგი სტატიაარცერთი ფაქტი არ მეტყველებს იმაზე, რომ პუტინს ნამდვილად სურს მოლაპარაკება და გამოსავლის პოვნა – კულება