ჩემს მიმართ გაწიწმატებულები და გავეშებულები არიან რადიკალები და რუსეთუმეები – ტიგინაშვილი

მოკლედ, ჩემს მიმართ გაწიწმატებულები და გავეშებულები არიან რადიკალები და რუსეთუმეები! ვერ მიტანენ და აღარ იციან როგორ მიკბინონ და რა მომიგონონ. ხან ბოტები და ტროლები მლანძღავენ, ხანაც ხელმოცარული მარგინალები. ცდილობენ შეურაცხყოფა მომაყენონ, რომ მათი ჭკუით მერე პროვოკაციაზე წამომაგონ, რამე არაკორექტული სიტყვა დამტყუონ, რათა მერე ამ ნიადაგზე ჩემი დისკრედიტაცია წამოიწყონ, მაგრამ ვერ მივართვი, რადგან არ ვიგინები, არ ვიწყევლები და არ ვბილწსიტყვაობ! ყველაზე უბადრუკები და უსუსურები მაშინ არიან, როცა ლიბერალობას, სოროსელობასა და მოსყიდულობას მაბრალებენ ხოლმე. განა არ იციან რომ სისულელეს ბოდავენ, უბრალოდ მათთვის მთავარია ილუზორული მტრის ხატი და შეთქმულების კონსპიროლოგიური თეორიები შეთხზან, იმისათვის რათა შინაგანი ადრენალინი მიიღონ საკუთარი კომპლექსების, ბოღმისა და ცილისწამებისაგან. თანაც, როგორც ჩანს თავად უწესოებსა და გაყიდულებს, ვერ წარმოუდგენიათ, რომ ადამიანი სიმართლეს უფულოდ და ანგაჟირების გარეშე, მხოლოდ პროფესიული წესიერების პათოსით აჟღერებდეს.

მოკლედ, საგონებელში არიან. არ ვიგინები, არ ვეწევი, არ ვსვამ, არ ვნარკომანობ, არ ვმრუშობ, არ ვარ გეი, არ ვარ “ქლაბერი”, არ ვარ პარტიული, არ ვარ ლიბერალი, არ ვარ ენჯეოელი, არ ვარ უწიგნური… ჰოდა აღარ იციან რა მომიხერხონ, იმისათვის რომ “გამაშავონ”!

ჩემთვის, აკადემიზმი და კულტურა იყო, არის და იქნება უმთავრესი მოწოდება!

დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისთვის! ერთი რამ ვიცი რომ ვმოქმედებ პატიოსნებით, სინდისით, ქრისტეს მიმართ ერთგულებითა და სიმართლის სიყვარულით. დაე უფალმა განსაჯოს!

ყველას სიკეთეს და ღვთის მადლს ვუსურვებ. მათ შორის ჩემ მტრებსაც!- წერს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.

banner
წინა სტატიაში“ხალხი იმსახურებს ღირსეულ სასამართლოს”,”კლანი წავიდეს სახლში” – აქცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან
შემდეგი სტატიასაქართველოში მერაია ქერის კონცერტი გაიმართება