“ჩემს გადაბირებას არაფერი უნდა, მთავარია, ის შემომთავაზო, რასაც ვითხოვ”

ჩემს გადაბირებას არაფერი უნდა, მთავარია, ის შემომთავაზო, რასაც ვითხოვ. არჩევით მოსამართლეებსა და შერიფებს თუ შემომთავაზებენ, ვინც არ უნდა წარმოადგინონ უზენაეს სასამართლოში, მხარს დავუჭერ, ვაჭრობა ჩემი საყვარელი საქმიანობაა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

იაგო ხვიჩიას შეფასებით, „სასამართლოს ხალხის ხმა უშველის“.

კერძოდ, ხვიჩიას განცხადებით, მოსამართლე და პოლიციის უფროსი მაჟორიტარი დეპუტატის მსგავსად რომ აირჩეოდნენ, მათ წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება და ხალხთან იდეების შეთავაზება მოუწევდათ, რის გამოც აღარ იქნებიან ისეთი, როგორსაც იცნობენ.

„ჩემს გადაბირებას არაფერი უნდა, მთავარია, ის შემომთავაზო, რასაც ვითხოვ. ვითხოვ არჩევით მოსამართლეებსა და შერიფებს, თუ ამას შემომთავაზებენ, ვინც არ უნდა წარმოადგინონ უზენაეს სასამართლოში, მხარს დავუჭერ, ვაჭრობა ჩემი საყვარელი საქმიანობაა. როგორ, არ არის პრინციპული საკითხი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არასამომართლე წევრების საკითხი? უბრალოდ, არ მჯერა, რომ იმ ხუთი ადამიანის არჩევა, ვინც არ უნდა აირჩიონ, სასამართლოს უშველის. მგონია, რომ სასამართლოს უშველის ხალხის ხმა. ახლა ხალხი გასულია მართლმსაჯულების სისტემიდან. არის ათი კაცი, რომელიც თვითონ წყვეტს, ამ ათ კაცს ხუთი დავამატოთ თუ არა, მაგაზეა საუბარი.

რატომ უნდა მივიღო მონაწილეობა ამ პროცესში, თუ იქ რამე საჩემო არ დავინახე? საჩემო არის არჩევითი პოლიციელები და პოლიციის შერიფები. როგორც მაჟორიტარ დეპუტატს, ისე რომ ვირჩევდეთ მოსამართლეს და პოლიციის უფროსს, ისინი ხომ ისეთები ვეღარ იქნებიან, როგორებსაც ვიცნობთ, თუ მანამდე მოუწევთ წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება და ხალხთან იდეების შეთავაზება. ამ იდეაზე ჩვენ წინასაარჩევნოდ ოპოზიციას ხელი მოვაწერინეთ, მაგრამ არჩევნების შემდეგ დაავიწყდათ. ახლა, მინდა, ისევ გავახსენო და როგორც ხელისუფლების წარმოდგენილ პროექტებს არ ვეთანხმები, მანამდე ასევე ჩავშლი ოპოზიციის მიერ შემოთავაზებულ ჩემთვის არასერიოზულ შეთავაზებებს.

ჩემთვის არასერიოზულო შეთავაზებაა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ახლა „ქართული ოცნება“ აკომპლექტებს და მომავალში დააკომპლექტებს „ნაციონალური მოძრაობა“ ან ენჯეო სექტორი. ეს იმდენად არასერიოზულია, რომ ველოდები, ჩემი კოლეგები როდის მოვლენ აზრზე“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაში“შსს-სგან გარანტია გვაქვს, რომ ადამიანის უსაფრთხოებას პრობლემა არ შეექმნება”
შემდეგი სტატია“აღიზიანებული ვარ”- ასმათ დვალიშვილი გოგი წულაიას გათავისუფლებაზე