“ჩემი სიცოცხლე და თავისუფლება არის რისკის ქვეშ უკრაინაში, იმის გამო, რომ ვარ ქართველი და მხარს ვუჭერ მიხეილ სააკაშვილს”

საქართველოს მესამე პრეზიდენტის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი სიმონ ამბროსიშვილი კანადას პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს. როგორც ამბროსიშვილი აცხადებს, მის სიცოცხლეს უკრაინაში, რომლის მოქალაქეც ის არის, საფრთხე ემუქრება, რადგან ის ქართველი და სააკაშვილის მხარდამჭერია.

“მე ვეძებ თავშესაფარს, რადგან მეშინია შევიწროვების უკრაინის მთავრობისგან იმის გამო, რომ ვარ მიხეილ სააკაშვილის მომხრე და ვარ ქართველი. მიუხედავად იმისა, რომ დავიბადე საქართველოში, 2008 წლიდან უკრაინის მოქალაქე ვარ. მე წავედი საცხოვრებლად უკრაინაში 1993 წელს და 1995 წელს მუდმივ მაცხოვრებლის სტატუსი ავიღე. 2000 წელს დავბრუნდი საქართველოში და გავხდი პოლოტიკურად ძალიან აქტიური.

მივიღე მონაწილეობა ბევრ პოლიტიკურ გამოსვლაში და დემონსტრაციაში “ვარდების რევოლუციის” დროს. ძალიან აქტიურად ვიყავი აგრეთვე ჩართული საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში 2004 წელს და ამავე წლის მარტში ამირჩიეს კოორდინატორად “ნაციონალური მოძრაობიდან” ყვარლის რაიონში. აღფრთოვანებული ვიყავი მიხეილ სააკაშვილით, მისი დასავლური ორიენტაციით და მრავალი რეფორმებით, რომლებსაც მან მხარი დაუჭირა.

2005 წელს ოჯახთან ერთად დავბრუნდი უკრაინაში, რადგან გამომიჩნდა კარგი სამსახური, როგორც სუპერვაიზერი საამშენებლო კომპანიაში, კიევში. ძალიან აქტიურად ვიყავი ჩაბმული ქართული სათვისტომოს საქმიანობაში. ვიღებდი მონაწილეობას სათვისტომოს პოლიტიკურ და კულტურულ ღონისძიებებში. ქართული სათვისტომო ძალიან დიდია უკრაინაში და უმეტესობა უჭერს მხარს მიხეილ სააკაშვილს.

2013 წლის ნოემბერში იანუკოვიჩის მთავრობის საწინააღმდეგო აქციებში ქართული სათვისტომო კიევში აქტიურ მხარდაჭერას უწევდა აქციის მონაწილეებს. როგორც აქტიური მხარდამჭერი ოპოზიციის მე ვეხმარებოდი აქციის მონაწილეებს საკვებით, თბილი ტანსაცმლით და სხვადასხვა საჭირო ნივთებით. როცა იანუკოვიჩმა დატოვა უკრაინა და წავიდა რუსეთში, 2014 წლის მაისში უკრაინის პრეზიდენტი პოროშენკო გახდა. როგორც სააკაშვილი საქართველოში, ის მოსახლეობას შეპირდა დიდ ცვლილებებს უკრაინაში და დაეხმარებოდა უკრაინას შეეცვალა ძველი საბჭოთა სტილის მთავრობა ახალი, თანამედროვე ევროპულით. 2015 წლის მაისში პოროშენკომ მოიწვია სააკაშვილი და მისი რეფორმატორების გუნდი უკრაინაში. სააკაშვილი დანიშნეს ოდესის გუბერნატორად.

მე ძალიან გამიხარდა სააკაშვილის უკრაინაში ჩამოსვლა. ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ უკრაინა არის ძალიან კორუმპირებული ქვეყანა და იმართება ოლიგარქებით. დარწმუნებული ვიყავი, რომ სააკაშვილი იყო მონდომებული და შეეძლო საჭირო რეფორმები გაეტარებინა უკრაინაში. არც ისე დიდი ხნის მერე, რაც სააკაშვილი ჩამოვიდა უკრაინაში, მე გამიჩნდა შესაძლებლობა მას შევხვედროდი პირადად ქართული სათვისტომოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებაზე. მე უკვე ჩამომიყალიბდა კარგი ურთიერთობა სააკაშვილის ქართული გუნდის ორ წევრთან დავით საყვარელიძესთან და თემურ ნიშნიანიძესთან. თემურ ნიშნიანიძესთან მაკავშირებს მეგობრული ურთიერთობა და ვიცნობ 5 წელია. დავიწყე რეგულარულად დასწრება სააკაშვილის გუნდის წევრების მიერ ორგანიზებულ შეხვედრებზე. ერთ-ერთი საქმე, რაც მე დამევალა, უკრაინის აღმოსავლეთით მებრძოლი ჯარისკაცებისთვის საკვების და თბილი ტანსაცმლის შეგროვების ორგანიზება იყო.

ჩემი მეგობრობის და სააკაშვილის გუნდის წევრებთან ასოცირების შედეგად, ასევე ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, როგორც ქართული სათვისტომოს წევრი, მე გავხდი ცნობილი როგორც სააკაშვილის აქტიური მომხრე. სააკაშვილს დიდი დრო არ დასჭირდა გაეაზრებინა, რომ პოროშენკო და მისი მთავრობა არ იყვნენ სერიოზულად განწყობილნი რეფორმების მიმართ. ერთადერთი პოზიტიური, რაც მოხდა, ეს იყო უკრაინის მიერ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა. სამწუხაროდ, უკრაინაში იყო სერიოზული კრიზისი და მე უფრო და უფრო მიძნელდებოდა ჩემი ოჯახის შენახვა. გამომიჩნდა საშუალება მემუშავა კანადაში და 2016 წლის12 თებერვალს ჩამოვედი კანადაში.

2016 წლის ნოემბერში სააკაშვილი გადადგა ოდესის გუბერნატორობიდან. 2017 წლის ივლისში უკრაინის მთავრობამ სააკაშვილს ჩამოართვა უკრაინის მოქალაქეობა. მან ჩამოაყალიბა პარტია “რუხ ნოვიხ სილ”, მისი თანამდებობიდან გადადგომიდან რამდენიმე დღეში მის მომხრეებზე, განსაკუთრებით ქართველ მომხრეებზე ზეწოლა დაიწყო.

ჩემმა მეუღლემ შემატყობინა, რომ ორჯერ იყვნენ ჩემთან სახლში მოსულები სასაზღვრო სამსახურიდან. ეკითხებოდნენ ჩემზე და იმუქრებოდნენ, რომ ჩამომართმევდნენ მოქალაქეობას. პირველი ვიზიტის დროს – 2017 წლის აგვისტოში ჩემმა მეუღლემ მათ უთხრა, რომ არ იცოდა ჩემი ადგილსამყოფელი, იმიტომ რომ შეეშინდა. მეორე ვიზიტის დროს, სექტემბერში უთხრა, რომ მე კანადაში ვიყავი. ასევე მე გავიგე, რომ ისინი იყვნენ მისულები ჩემს ყოფილ სამსახურში. ჩემმა ყოფილმა თანამშრომელმა შეატყობინა ჩემს მეუღლეს ამის შესახებ. როგორც ჩემმა მეუღლემ მითხრა, მეორე ვიზიტის დროს მას უთხრეს, რომ სააკაშვილის მომხრეები გაიზიარებენ სააკაშვილის ბედს და თქვეს, რომ “გაგვყრიდნენ უკრაინიდან”. ჩემი შვილი, რომელიც 13 წლისაა, გააჩერეს, როცა მოდიოდა სკოლიდან სახლში. მან არ იცოდა ვინ იყვნენ, მაგრამ აღნიშნა, რომ იყვნენ სამნი და ეკითხებოდნენ ჩემზე. ჩემი შვილი ამის გამო ძალიან შეშინებული იყო. ორივე ვიზიტის დროს ჩემს სახლში ეს პირები დაემუქრნენ ჩემს მეუღლეს და იძახდნენ, რომ უკრაინაში არ არის ადგილი ქართველებისთვის, ვინც სააკაშვილს უჭერს მხარს.

ბოლო ვიზიტის დროს გააფრთხილეს ჩემი მეუღლე, რომ არც მეცადა უკრაინაში ჩამოსვლა. ბევრი ჩემი მეგობარი იყო დაკითხული ბოლო 6 თვის განმავლობაში უკრაინის ოფიციალური სამსახურის მიერ, თავიანთი პოლიტიკური საქმიანობის და შეხედულების გამო. მე კარგად ვიცი, რომ ქართველებს ქუჩაში უმიზეზოდ აჩერებენ და სთხოვენ, რომ წარადგინონ მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი. მე ვიცი ძალიან ბევრი ქართველის შესახებ, რომლებიც იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ უკრაინა. სააკაშვილის და პოროშენკოს დაპირისპირების შემდეგ ქართველების მიმართ დამოკიდებულება მკვეთრად გაუარესდა. გარდა იმისა, რომ ბევრ ქართველს ადეპორტებენ უკრაინიდან, უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა შეზღუდა ქართველების შესვლა უკრაინაში. ჩემი სამუშაო ვიზა კანადაში დამთავრდა 2017 წლის 29 იანვარს. მე შესაბამისად ვეცადე გამეგრძელებინა სამუშაო ვიზა, მაგრამ სამწუხაროდ, ჩემს თხოვნაზე უარი მითხრეს 2017 წლის აგვისტოში.

მას შემდეგ, რაც გავიგე ჩემი მეუღლიდან ჩემს სახლში და ყოფილ სამსახურში უკრაინის ოფიციალური სამსახურის პირების ვიზიტის შესახებ, ჩავთვალე, რომ ჩემთვის სახიფათო იქნებოდა უკრაინაში დაბრუნება. ამის გამო დავიწყე ადვოკატის ძებნა, რომ ამეხსნა ჩემი სიტუაცია და საემიგრაციო სტატუსი. მას შემდეგ, რაც მე მას შევხვდი სექტემბრის დასაწყისში, გადავწყვიტე მომეთხოვა თავშესაფარი, რადგან მჯერა, რომ ჩემი სიცოცხლე და თავისუფლება არის რისკის ქვეშ უკრაინაში, იმის გამო, რომ ვარ ქართველი და მხარს ვუჭერ მიხეილ სააკაშვილს”, – აცხადებს სიმონ ამბროსიშვილი .

banner
წინა სტატიაშიესპანეთში ტურისტებს თვითმკვლელობისკენ მოუწოდეს
შემდეგი სტატიაIBSU-სთან დაკავშირებით გადაწყვეტილება „ჩაღლარის“ საგანმანათლებლო დაწესებულებების უფლებების დარღვევის ტენდენციის გაგრძელებაა