„ჩემი საქმე რაც არის იმას ვაკეთებ და სხვაგან ცხვირს არ ვყოფ“- ირაკლი ლაბაძის მოსკოვური ცხოვრების დეტალები

ჩემი საქმე რაც არის იმას ვაკეთებ და სხვაგან ცხვირს არ ვყოფ

labadze-iraklio

პროფესიული ჩოგბურთის თამაშს თავი საკმაოდ ადრე დაანება, თუმცა 7 წლიანი კარიერის მანძილზე ყველაზე დასამახსოვრებელი გამარჯვება მოიპოვა. ახლა მოსკოვში ცხოვრობს და ამბობს, რომ მწვრთნელობა საკმაოდ რთული პროფესიაა, რაც ფაქტობრივად არაფრისთვის უტოვებს დროს. მართალია მოსკოვში ცხოვრობს და ამბობს, რომ ის თავს ისე გრძნობს როგორც საკუთარ სახლში, თუმცა საბოლოოდ ცხოვრებას მაინც საქართველოში აპირებს. როგორია ცნობილი ქართველი ჩოგბურთელის ირაკლი ლაბაძის მოსკოვური ცხოვრება და რატომ არ არის 34 წლის სპორტსმენი დაოჯახებული ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

-ბატონო ირაკლი, სულ თავიდან რომ დავწყოთ…როდის დაიწყეთ პროფესიული ჩოგბურთის თამაში და რატომ დაამთავრეთ ასე ადრე თქვენი წარმატებული კარიერა?
-ჩოგბურთის თამაში 7 წლისამ დავიწყე. ცოტა ადრე სახლშიც ვთამაშობდი ხოლმე კედელზე. მამაჩემს უნდოდა ძალიან, რომ ჩოგბურთელი ვყოფილიყავი. პროფესიული ჩოგბურთის თამაში 18 წლიდან დავიწყე და ჯამში 7 წელი ვითამაშე. თამაშს თავი კი 2006 წელს, 25 წლის ასაკში ტრავმის გამო დავანებე. 2008 წელს მაჯაზე ორი ოპერაცია გავიკეთე. დღევანდელი გადმოსახედიდან ვთვლი, რომ მოკლეხნიანი, თუმცა არც ისე ცუდი კარიერა მქონდა.

-რას თვლით ყველაზე დიდ წარმატებად თქვენს კარიერაში?
-ჩემი ყველაზე დიდი გამარჯვება რაც დღემდე ახსოვთ და სულ ამას მახსენებენ ხოლმე, სხვათაშორის ეს ერთხელ პატრულმაც კი შემახსენა, იყო 2001 წელს ჩოგბურთში მსოფლიო ჩემპიონის, ანდრეა აგასის დამარცხება. ეს რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იყო არა მარტო ჩემთვის, არამედ ყველა ჩემი გულშემატკივარისთვის.

-სად მოღვაწეობთ ძირითადად, თბილისში თუ მოსკოვში?
-თითქმის უკვე სამი წელია მოსკოვში ვარ. ჩოგბურთის პროფესიულ თამაშს თავი რომ დავანებე სამი წელი საქართველოში, თბილისში ვიყავი. შემომთავაზესთქო მოსკოვში მუშაობა ამას ვერ ვიტყვი. უბრალოდ წავედი ჩემს მეგობართან, ჩოგბურთელ მარად საფინთან, იქ მოყვარული და პროფესიონალი ჩოგბურთელები თამაშობდნენ ხოლმე ერთად წყვილებს. იქ ჩასულს შეჯიბრის თამაში შემომთავაზეს და მეც უარი არ მითქვამს. შემდეგ ერთმა მეგობარმა მითხრა იქნებ აქ დარჩე და ჩემთან იმუშაოო. თავდაპირველად არ მინდოდა საცხოვრებლად მოსკოვში გადასვლა, რადგან 14 წლის ასაკიდან ისედაც სულ გასული ვიყავი საქართველოდან. 31 წლისას კი ფაქტობრივად მოსკოვში ცხოვრება თავიდან უნდა დამეწყო. ღმერთის წყალობით იქ ცხოვრება ძალიან გამიადვილდა, სამსახურიც კარგად ამეწყო, არაჩვეულებრივი სამეგობრო წრე შეიკრა და თავი ძალიან კომფორტულად ვიგრძენი. გარდა ამისა, სწორედ ჩემმა მოსწავლეებმა შემიქმნეს იქ ისეთი გარემო, რომ საქართველოდან მიმავალს მოსკოვში, მგონია ჩემს ბავშვებთან მივდივარ. ახლა მოსკოვში თავს ისე ვგრძნობ როგორც სახლში. მიუხედავად ამისა, მე ჩემს ქვეყანას, თბილისს არასოდეს არაფერში არ გავცვლი.

-რამდენი მოსწავლე გყავთ მოსკოვში?
– მოსკოვში 4 ბავშვს ვავარჯიშებ. ერთია მაგალითად ჩემი მეგობრების შვილი, 13 წლის ზოზი ქარდავა. ერთი წელი არ არის ჯერ რაც ზოზის ვავარჯიშებთ და ვმუშაობთ, მაგრამ საკმაოდ კარგი შედეგები აქვს უკვე. 18 წლამდე ასაკის ბავშვებში პირველი ტურნირი წყვილებშიც და ერთეულებშიც მოიგო. მშობლებს ძალიან უნდათ, რომ ბავშვმა საქართველოს სახელით ითამაშოს, მაგრამ ამ ეტაპზე არაფრის შეცვლა არ ღირს. მთავარია, რომ ზოზი სულიერად ქართველია. მომავალი ბევრ რამეს გვაჩვენებს.

labadze-moswavleebtan

-როგორც პროფესიონალი ჩოგანი, როგორ ხედავთ მაგალითად თქვენი ამ მოსწავლის, ზოზი ქარდავას მომავალს?
-ძალიან დიდ იმედებს ვამყარებ მასზე. მონდომება, ნიჭი და შესაძლებლობა-ეს ყველაფერი ერთადაა საჭირო, რომ სასურველი შედეგი ჰქონდეს თამაშს.

zoziaaa labadze-zozia

-თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში ახსენეთ, რომ მოსკოვში რუსი ოლიგარქების მწვრთნელი ხართ და ხშირად მათთან ერთად თამაშობთ ხოლმე…
-მოსკოვში მდიდარი ხალხი ჩოგბურთს თამაშობს, მათ შორის ბევრი ოლიგარქიცაა. ადრე ვთამაშობდი ხოლმე მათთან, მაგრამ ამ ბავშვების გამო დრო აღარ მაქვს. მოსკოვში ოთხი მოსწავლე მყავს და მათ გამო 10 საათი ჩოგბურთის მოედანზე ვდგავარ ხოლმე. ამას კი თავის მხრივ იმდენი ენერგია და დრო მიაქვს, რომ მოყვარულებთან თამაშის თავი არ მაქვს. ზოგადად ჩოგბურთი ძალიან საყვარელი და ამასთანავე ძვირი სპორტია მოსკოვში. გამომდინარე აქედან თუ არ არ არის ფინანსები, მოსკოვში ამ სპორტს უბრალოდ ვერ ითამაშებ.

-გენატრებათ თუ არა პროფესიული ჩოგბურთის თამაში? დროის დაბრუნება რომ შეგეძლოთ, რას შეცვლიდით?
-პირველ რიგში ალბათ ერთ ოც კილოს დავაგდებდი. ზუსტად ცოტა ხნის წინ ვხუმრობდი ამაზე, ადამიანს ერთადერთი პრობლემა აქვს და ისიც წონაზეთქო. სხვა პრობლემა შემიქმენით, ეს მომაშორეთ. დროის დაბრუნება რომ შემეძლოს, სხვანაირად არაფერს შევცვლიდი აბსოლუტურად და ზუსტად იგივენაირად ვიცხოვრებდი.

labadzeeee

-როგორია თქვენი მოსკოვური ცხოვრება, გარდა ჩოგბურთისა. მოსკოვში მცხოვრებ ქართველებთან, თუნდაც ცნობილ ქართველებთან თუ გაქვთ კონტაქტი?
-რომ გითხრათ ბევრ ცნობილ ქართველთან ვმეგობრობთქო მოგატყუებთ. ერთადერთი ვისთანაც ვმეგობრობ ირაკლი ფირცხალავაა. დანარჩენები კი მოსკოვური ბომონდის წარმომადგენელი ქართველები არ არიან. ზოგადად დრო არ მრჩება ხოლმე მეგობრებთან ხშირი ურთიერთობისთვის. დილით 7-ზე გავდივარ და საღამოს გვიან შემოვდივარ სახლში. შეიძლება ერთი თვე ისე გავიდეს, რომ ჩემი რეჟიმი მხოლოდ კორტები-სახლი იყო. ერთ თვეს რომ გადავაცილებ, მერე მე თვითონ მიჭირს ხოლმე. ერთი შეხედვით თითქოს არაფერია- თამაშობს ბავშვი და უყურებ. მაგრამ მე ამ ვარჯიშებიდან მკვდარი გამოვდივარ. ბავშვებს უნდათ ყურადღება, ყოველწამიერი მითითება, რაც დიდ დაძაბვას მოითხოვს.

საქართველოში ეს სპორტი მაინცდამაინც პოპულარული არ არის. ძლიერი ბავშვებიც არ ჰყავს საქართველოს ამ სპორტში. თქვენი აზრით ამის მიზეზი ფინანსური მხარეა თუ სხვა რამე ფაქტორიც არსებობს?

-ჩოგბურთს თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში თამაშობენ. ერთხელ უკვე ავღნიშნე, რომ ფინანსები ამ სპორტის თამაშისთვის აუცილებელია. ოჯახს ბავშვზე მინიმუმ 300-500 ლარის დახარჯვა უწევს, რომ ბავშვს ჰქონდეს ყველა ის ინვენტარი რაც აუცილებელია სათამაშოდ. წელიწადში რამდენიმე ტურნირი ტარდება, სადაც აუცილებლად უნდა წავიდეს ბავშვი და მონაწილეობა მიიღოს. თუმცა რა თქმა უნდა, პრობლემა მხოლოდ ფინანსები არ არის. უპირველეს ყოვლისა ბავშვს კარგი მონაცემებიც უნდა ჰქონდეს და ასევე მნიშვნელოვანია დისციპლინა.

დავუბრუნდეთ ისევ თქვენ მოსკოვურ ცხოვრებას… ჩოგბურთის მოედნის გარდა, სად შეიძლება ყველაზე ხშირად ირაკლი ლაბაძის ნახვა?
-სამწუხაროდ ძალიან იშვიათად თუ ვახერხებ მეგობრებთან ერთად კაფეში ან ბარში გასვლას. იმდენად ვიღლები ხოლმე, რომ დღის ბოლოს არაფრის ძალა და თავი აღარ მაქვს. თავისუფალი დრო კვირა დღეს მაქვს და ხშირად დავდივარ ჩემს მეგობართან, ზოზის მამასთან, სადაც ისევ ჩოგბურთზე ვლაპარაკობთ. რაიმე განსაკუთრებული ჰობი არ მაქვს, რითიც დავკავდებოდი ხოლმე თავისუფალ დროს. გამომდინარე იქიდან, რომ მოსკოვში 8 თვე ზამთარია, 40 გრადუს ყინვაში ისედაც არ მოგინდება არსად გასვლა. ძალიან მიყვარს ფილმების ყურება და თავისუფალ დროს ამით ვირთობ ხოლმე თავს. ცოტა ხნის წინ მოსკოვში ვირუსი შემეყარა, ორი დღე სახლში ვიყავი და 11 ფილმს ვუყურე.

-სად აპირებთ საბოლოოდ დაფუძნებას? გეგმავთ თუ არა საქართველოში დაბრუნებას და აქ ცხოვრებას?
-საქართველო ჩემი სამშობლოა, ყველაზე ლამაზი და კარგი ადგილი მთელს დედამიწაზე. მე ის ისეთი მიყვარს როგორიც არის. სამწუხაროდ იმის გამო, რომ საქართველოში სპორტსმენები და არა მარტო ისინი, ზოგადად წარმატებული ადამიანები, ნაკლებად დაფასებულები არიან, ჯერ-ჯერობით არ ვარ ჩემს ქვეყანაში. რამდენიმე წლის შემდეგ, ზუსტად არ ვიცი რამდენი იქნება, მაგრამ 10-ზე მეტი არ იქნება, მაინც ჩამოვალ და აქ ვიქნები, ჩემი არეული მირჩევნია.

-თქვენ ინტერვიუს დაწყებამდე აღნიშნეთ, რომ რამდენიმე დღის წინ 34 წლის იუბილე აღნიშნეთ, თუმცა დღემდე არ ხართ დაოჯახებული. როგორ ფიქრობთ ჯერ არ შეხვედრიხართ იმ ერთადერთს?
-დაბადების დღეზე 90 სტუმარი მყავდა და ყველა ამ კითხვას მისვამდა სახალხოდ. დაოჯახებას უახლოეს მომავალში არ ვაპირებ. ჩემი ახლობლები და მეგობრები მეუბნებიან ბუზღუნა და გიჟი ხარო. ალბათ ჯერ არ შემხვედრია ადამიანი, ვის გამოც ბევრ რამეს დავთმობ. ვთვლი, რომ როცა ადამიანს მეუღლე ჰყავს ის ხდება შენი ცხოვრება. არ გამიცნია ჯერ ისეთი ადამიანი, ვის გამოც ბევრ რამეს დავთმობ და შევცვლი ჩემი ცხოვრების სტილს.

ირაკლი ლაბადზე

-რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება?
-რამდენიმე რომ დავასახელო შეიძლება?
-რა თქმა უნდა…
-ძალიან მინდა, რომ ჩემი მწვრთნელობის კარიერის მანძილზე, ერთი ჩოგბურთელი მაინც გავზარდო, რომელიც ძალიან წარმატებული იქნება. სასურველია რომ ის საქართველოს სახელით იბრძოდეს, ან ქართველი მაინც იყოს. მინდა ასევე საქართველოში ჩამოსვლა და აქ ცხოვრება, მინდა ვიამაყო მშვიდი წყნარი ქვეყნით, სადაც ბოროტება და შური არ არის. მინდა ავირჩიოთ ვინმე ისეთი პოლიტიკაში და ვიყოთ წყნარად, ბედნიერი სახეები ვნახო. ჩემს ქალაქში ბედნიერად მინდა ვცხოვრობდე მეც და ჩემი ქართველი ხალხიც.

-პოლიტიკა თავად ახსენეთ, მე არ ვაპირებდი კითხვას…2012-ში საპარლამენტო არჩევნებამდე თქვენ ბიძინა ივანიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადეთ. თუმცა კომენტარში მაშინ აღნიშნეთ, რომ პოლიტიკისგან შორს ხართ. ახლა ხომ არ გაკავშირებთ რაიმე პოლიტიკასთან, ან საქართველოში დაბრუნების შემდეგ ხომ არ გეგმავთ გაერიოთ ქართულ პოლიტიკურ ორომტრიალში?
-მაშინ უბრალოდ ჩემი აზრი გამოვთქვი მიმდინარე მოვლენებზე, რომ მივესალმებოდი ბიძინა ივანიშვილის მოსვლას პოლიტიკაში. თუმცა მაშინაც ავღნიშნე და ახლაც ვიმეორებ, რომ მაგრამ პოლიტიკა ჩემი საქმე არაა. ჩემი საქმე რაც არის იმას ვაკეთებ და სხვაგან ცხვირს არ ვყოფ. იგივეს ვურჩევდი ყველას და ალბათ მაშინ ყველაფერი უფრო კარგად იქნება.

-საქართველოში ახლა რამდენი ხნით ხართ ჩამოსული?
-ორი კვირაა უკვე აქ ვარ და ალბათ ამ კვირის ბოლოს წავალ. შეჯიბრებები მთავრდება აქ და მოსკოვშიც ბავშვები მელოდებიან, სამსახური მიხმობს.

– ხშირად ჩამოდიხართ ხოლმე?
– არა 7 თვეა არ ვყოფილვარ. სულ მენატრება საქართველოში ჩამოსვლა. აქ ყოფნა ჩემთვის დღესასწაულია.

 

ესაუბრა თამთა გერგედავა

banner
წინა სტატიაშირა ხდება სტიქიის ერთ-ერთ კრიტიკულ ზონაში?- ფოტოკოლაჟი წყნეთის ქუჩიდან
შემდეგი სტატია«სიძულვილისგან ჩადენილი» დანაშაული