ჩემი ხმა მოუწოდებს სამინისტროს, განმარტოს, რატომ სთხოვენ მოსწავლეებს მშობლების მონაცემებს

სადამკვირვებლო ორგანიზაციების კოალიცია – ჩემი ხმა მოუწოდებს განათლების სამინისტროს, გააკეთოს განმარტება, რატომ სთხოვენ მოსწავლეებს მშობლების პერსონალური მონაცემების შევსებას.

ამის შესახებ კოალიციის ერთ-ერთმა სპიკერმა ლონდა თოლორაიამ ბრიფინგზე ისაუბრა. მან ასევე მოუწოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, შეისწავლოს, რამდენად კანონიერია არასრულწლოვანებისგან პერსონალური მონაცემების შეგროვება მათი მშობლების შესახებ.

“რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სკოლებში მოსწავლეებისგან გროვდება მათი მშობლების პერსონალური მონაცემები. აუცილებლად, ამ საკითხზე უნდა გააკეთოს განმარტება განათლების სამინისტრომ, რაში დასჭირდა მოსწავლეებისგან ამ ინფორმაციის შეგროვება, ვინაიდან განათლების სამინისტროს ისედაც აქვს ბავშვების კანონიერი წარმომადგენლების შესახებ პერსონალური მონაცემები, რაც საჭიროა ბავშვების სასწავლო პროცესის მართვისთვის.

ასევე, აღნიშნული საკითხი შეისწავლოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა, რამდენად კანონიერია არასრულწლოვანებისგან პერსონალური მონაცემების შეგროვება მათი მშობლების შესახებ”, – თქვა ლონდა თოლორაიამ ბრიფინგზე.

თავდაპირველად ინფორმაცია, რომ სკოლებში ბავშვებს მშობლების პირადი მონაცემების შევსებას სთხოვენ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Facebook-ზე გამოაქვეყნა.

ფაქტს ცოტა ხნის წინ განათლების სამინისტრო გამოეხმაურა. სამინისტროში პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას “სიცრუესა და დეზინფორმაციას” უწოდებენ და ამბობენ, რომ “პერიოდულად სკოლების მიერ ხდება სისტემაში არსებული მონაცემების, კერძოდ მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის, საკონტაქტო ტელეფონის, ელ ფოსტისა და საცხოვრებელი მისამართის განახლება”.

banner
წინა სტატიაშიჩემი ხმა: საჯარო სექტორში დასაქმებულებს ოჯახის პირად მონაცემებს სთხოვენ – დაიწყოს გამოძიება
შემდეგი სტატიაგანათლების სამინისტრო განმარტავს, რატომ სთხოვენ სკოლებში მოსწავლეებს მშობლების პერსონალურ მონაცემებს