სადამკვირვებლო კოალიცია ჩემი ხმა აცხადებს, რომ ხელისუფლება ამომრჩეველთა თავისუფალ ნებაზე ზეგავლენას უკანონო მეთოდებით ცდილობს.
კოალიცია ეხმაურება რამდენიმე წყაროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ქართული ოცნების უკანონო მცდელობების შესახებ – ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, დაშინებისა და ზეწოლის გზით დანერგოს შიში ამომრჩევლებში და ზეგავლენა მოახდინოს მათ მიერ ნების თავისუფლად გამოვლენაზე.
კოალიცია რამდენიმე ერთმანეთთან დაუკავშირებელი წყაროს ინფორმაციას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, ქართული ოცნების წარმომადგენლები საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს და სოციალურად დაუცველ ადამიანებს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს ნების საწინააღმდეგოდ ართმევენ.
“გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ ქმედებას, სავარაუდოდ, აქვს მასშტაბური ხასიათი და, არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი ადმინისტრაციული ერთეულით ან/და საჯარო სტრუქტურით. გავრცელებული ინფორმაციით, მსგავსი შემთხვევა მოხდა ზუგდიდში, ყვარელში, ქუთაისსა და თბილისში”, – აცხადებენ კოალიციაში.
მათი თქმით, ხელისუფლების მხრიდან მსგავსი მეთოდების გამოყენება შეიძლება ემსახურებოდეს როგორც ამომრჩევლებში შიშის დანერგვის მცდელობას, რომ არჩევნების დღეს მათი ხმის ფარულობა არ იქნება დაცული, ასევე, არჩევნების დღეს კენჭისყრის შედეგებზე გავლენის მოხდენას.
“კონსტიტუციით გარანტირებულია პირის უფლება, თავისუფალ და თანასწორ გარემოში, არჩევანი გააკეთოს მხოლოდ საკუთარი შეხედულებით. კონსტიტუციით, ამომრჩევლის ხმის ფარულობა გარანტირებულია.
სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნების საწინააღმდეგოდ ჩამორთმევა წარმოადგენს მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის ცალსახა დარღვევას. ამასთან, სისხლის სამართლის წესით ისჯება პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა”, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.
სადამკვირვებლო კოალიცია მოუწოდებს ქართულ ოცნებას, შეწყვიტოს ამომრჩეველთა კონსტიტუციით გარანტირებულ თავისუფალ ნებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა და აცხადებს, რომ გააგრძელებს წინასაარჩევნო გარემოზე დაკვირვებას.