ჩემი ხმა: დანაშაულებრივი ქმედებებით მიღებული შედეგი არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას

სადამკვირვებლო ორგანიზაციების კოალიცია ჩემი ხმას ერთ-ერთმა წევრმა ნინო ლომჯარიამ არჩევნების პროცესის დაკვირვების დროს გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრა და თქვა, რომ დანაშაულებრივმა ქმედებებმა გავლენა მოახდინა ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენაზე.

მისი თქმით, დანაშაულებრივი ქმედებებით მიღებული შედეგი არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას.

“რეალურად, არჩევნების დღემ ახსნა თუ რაში სჭირდებოდა მმართველ პარტიას წინასაარჩევნო პერიოდში პერსონალური მონაცემების შეგროვება ამომრჩევლების. ვფიქრობთ, ეს სქემა გაიშიფრა – უამრავ საარჩევნო ოლქში ვნახეთ ის, რომ განსაკუთრებით დამკვირვებლებს არ აძლევდნენ საშუალებას, დაჰკვირვებოდნენ ვერიფიკაციის პროცესს. ძალიან ბევრ საარჩევნო უბანზე ვნახეთ მოსული პირები, რომლებსაც პასპორტში ედოთ პირადობის ნომრები, შესაბამისად, ადგილი ჰქონდა ამ პირადობის ნომრების გამოყენებით სხვის ნაცვლად ხმის მიცემის შემთხვევებს და შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ამ დიდი გაყალბების სქემაში ეს ინფორმაცია იყო ამგვარად გამოყენებული, თუმცა ეს არ იყო ერთადერთი სქემა და კომპლექსურად ერთობლიობა იმ დანაშაულებრივი ქმედებების ვფიქრობთ, რომ დიახ, მოახდინა გავლენა ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენაზე და საერთო ჯაში მიგვაჩნია, რომ ასეთი დანაშაულებრივი ქმედებებით მიღებული შედეგი არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას.

ასევე, განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა, რომ საზღვარგარეთ სპეციალურად შეიქმნა სიტუაცია, რომელმაც რეალურად პროცესის კოლაფსი გამოიწვია. თითქმის ყველა ევროპის ქვეყანაში ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვიღებდით ინფორმაციას, რომ მხოლოდ 2 რეგისტრატორი იჯდა მცირე ზომის ოთახში და რეალურად, ეს უბნები ვერ უზრუნველყოფენ ამომრჩევლის გამტარუნარიანობას, მათ უწევდათ საათების განმავლობაში გარეთ დგომა და ბევრმა მათგანმა დატოვა ადგილი და ვერ მისცა ხმა. ეს იყო განზრახი გადაწყვეტილება, რომ წაერთვათ უცხოეთში მცხოვრები ჩვენი ბევრი თანამოქალაქისთვის ხმის მიცემის უფლება და მნიშვნელოვანია, რომ ამასაც გავუსვათ ხაზი”, – თქვა ნინო ლომჯარიამ.

ორგანიზაციების კოალიციის კიდევ ერთმა ლიდერმა, ლონდა თოლორაიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნების დღე მძიმე და არსებითი დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა.

თოლორაიას თქმით, დღის ბოლოს აშკარა გახდა, რომ დღის განმავლობაში საარჩევნო პროცესის მონიტორინგისას გამოკვეთილი სხვადასხვა პრობლემა დიდი სქემის ნაწილი იყო, რომლის მიზანი არჩევნების საბოლოო შედეგების შეცვლა იყო.

თოლორაია დარღვევების კონკრეტულ მაგალითებს ასახელებს და ამბობს, რომ გამოყენებული იყო შემდეგი მეთოდები:

“აშკარა გახდა, რომ შემუშავებული იყო არჩევნების გაყალბების კომპლექსური სქემა, რომლის განხორციელებისთვისა გამოყენებული იქნა ისეთი მეთოდები, როგორიცაა ვერიფიკაციის სისტემის მოშლა, მარკირების პროცედურების დარღვევა და დამკვირვებლებისთვის ამომრჩეველთა იდენტიფიკაციის პროცედურებზე დაკვირვებაზე ხელის შეშლა. დღის პირველ ნახევარში მასობრივად ჰქონდა ადგილი ორი ან მეტი ბიულეტენის გადაცემას.

ასევე დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ბიულეტენებზე მმართველი პარტია იყო უკვე მონიშნული. აშკარა გახდა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პირადობის მოწმობების ჩამორთმევისა და ე.წ ქირაობის, ასევე პერსონალური მონაცემების შეგროვების შესახებ მრავალრიცხოვანი ცნობები და მედია რეპორტაჟები სწორედ აღნიშნული სქემის განხორციელებას ემსახურებოდა.

სწორედ, ამგვარი მანიპულაციის შედეგად გახდა შესაძლებელი მმართველი პარტიის სასარგებლოდ ხმების გადამწყვეტი რაოდენობის მოპოვება, რასაც ახლა ჩვენ ყველანი ვხედავთ ცესკოს საიტზე გამოქვეყნებულ შედეგებში.

დღის განმავლობაში სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე ხორციელდებოდა უპრეცედენტო ზეწოლა, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ თავდასხმებს, სიტყვიერ შეურაცხყოფას, დაშინებას, უმიზეზოდ უბნებიდან გაძევებას”- თქვა თოლორაიამ.

მისივე თქმით, ცესკოს შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას.

“წინასაარჩევნო პერიოდში არსებული გარემოსა და არჩევნების დღეს გამოყენებული გაყალბების სქემების, ასევე ამომრჩევლის ნებაზე უპრეცედენტო ზემოქმედებისა და ძალადობის ფაქტების ანალიზის შედეგად, მივიჩნევთ, რომ ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგები არ ასახავს საქართველოს მოქალაქეების ნებას, ვაგრძელებთ არჩევნების შედეგების ბათილობის მოთხოვნას”- აღნიშნა მან.

***

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ქართულ ოცნებას – 52.99% აქვს, ოპოზიციას – 38.27%.

banner
წინა სტატიაშიცესკოს განცხადება შედეგების ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსების ფორმატთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიაარ ვაპირებთ, ეს არჩევანი ვინმეს გავატანოთ – კოალიცია “ძლიერი საქართველო”