ჩემი გზავნილი ბიძინა ივანიშვილისადმი იგივეა – ის არის ამ სიტუაციაზე პასუხისმგებელი

სამწუხაროდ, განცხადების პროექტი ძალიან სუსტი იყო და ის არ გამოხატავს საქართველოში დღეს არსებულ სიტუაციას. ბევრი ადამიანი ხვდება ამას, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიანემ განაცხადა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტზე საქართველოს შესახებ დეკლარაციის ჩავარდნის შემდეგ.

მისი თქმით, დოკუმენტის პროექტში ცვლილებები ბევრმა ევროპარლამენტარმა შეიტანა, თუმცა ცვლილებები ვერ გავიდა.

ევროპარლამენტარის განცხადებით, შესწორებები „ქართულმა ოცნების“ წარმომადგენლებმა დაბლოკეს.

„ბევრმა ევროპარლამენტარმა შეიტანა განცხადების პროექტში ცვლილებები და ჩვენ გვსურდა, უფრო დაბალანსებული ტექსტი, თუმცა ეს ცვლილებები არ გავიდა, რადგან საქართველოს მმართველი პარტიის უმრავლესობაში მყოფმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ეს შესწორებები დაბლოკეს. ძალიან დამწუხრებული ვარ, რადგან გაიმართა უამრავი ოფიციალური და არაოფიციალური დისკუსია და ვხედავ, რომ ისინი ვერ ხვდებიან არსებულ სიტუაციას და არც იმას, როგორც აღიქვამენ ამ სიტუაციას ევროკავშირსა და ევროპარლამენტში. თქვენ ნახეთ, რომ ძალიან ბევრი პოლიტიკური ჯგუფი დასკვნითი განცხადების წინააღმდეგი იყო. ამიტომ, ვფიქრობ, ახლა „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გააცნობიეროს ეს ყველაფერი. ჩემი გზავნილი ბიძინა ივანიშვილისადმი იგივეა – ის არის ამ სიტუაციაზე პასუხისმგებელი. სამწუხაროდ, ივანიშვილი აზიანებს საქართველოს ევროპულ გზას, მაგრამ ამავე დროს, „ქართული ოცნების“ დელეგაციის წევრები, რომლებიც დღეს მაგიდასთან ისხდნენ, არ არიან ევროპული კურსის წინააღმდეგ, ამიტომ მათ უნდა გაიაზრონ ყველაფერი და გამართონ დისკუსია პარტიაში შიგნით“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

სტრასბურგში ევროკავშირი-საქართველოს ​ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ.

banner
წინა სტატიაშისაია აბაზოვზე: ექსპერტიზით დადასტურდა, რომ სითხე, რომლის წასმა მოქალაქეს აიძულეს, შარდი იყო
შემდეგი სტატიარეზოლუციის ჩაგდებით გზავნილი საქართველოს მთავრობას გაუგზავნეს და არა ქართველ ხალხს