დაკარგული გურამ დადიანიძის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას დაკარგულის დედა, სოფო ბიბილაშვილი ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი დისკრედიტაცია მიმდინარეობს.
შსს-ს ცნობით, მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ 18 აგვისტოს გურამ დადიანიძის „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტის წარმომავლობის დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. უწყების მტკიცებით, დადგინდა, რომ პოსტის გამოქვეყნების შესახებ წინასწარ იცოდნენ როგორც დაკარგულის დედამ, ისე ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.
ადვოკატის შეფასებით, შსს-ს განცხადება მის დისკრედიტაციასა და გამოძიებისთვის ხელის შეშლას ისახავს მიზნად. ბრალდებებს უარყოფს სოფო ბიბილაშვილიც:
„თუკი რამე ხელჩასაჭიდი ვიცოდი, ვუთხარი. თავისთავად ეჭვი დამებადება… იციან, რომ ეს საქმე უნდა გაირკვეს, სიმართლე რა მოუვიდა გურამს. ახლა უკვე დაიწყეს ჩემი გაშავება. ის ხალხი მაშავებს, ვისაც არ უნდა, რომ გურიკა ვიპოვო“, — აცხადებს დაკარგულის დედა.
მოვლენების პარალელურად, Facebook-გვერდზე „ნასვამი ჩოჩორი“ გავრცელდა ანონიმური მიმართვა. ავტორი იბრალებს დადიანიძის გვერდზე ოსურ ენაზე პოსტის („დადგა ჟამი“) გამოქვეყნებას და აცხადებს, რომ კერძო მოკვლევით დაადგინეს IP მისამართების თანხვედრა კახა გელაშვილის ნამდვილ და ყალბ გვერდებს შორის.
ანონიმური წყაროს მტკიცებითვე, ვინმე ჯუმბერ ბუჩაშვილი, რომელიც დუშეთის პოლიციაში საერთოდ არ მუშაობდა, დადიანიძის დედას 3 წლის განმავლობაში ატყუებდა, თითქოს საქმეს იძიებდა, მათ შორის შუამავალი კი კახა გელაშვილი იყო. ამავე წყაროს ცნობით, ბუჩაშვილის სახელი ფიგურირებს 2013 წელს ბარისახოდან დაკარგული ოთარ ლაზაშვილის საქმეშიც.














